საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა “რუსთავი 2”-ის სარჩელის განხილვა დაიწყო

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის სარჩელის განხილვა დაიწყო.
თავდაპირველად საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავდა, თუმცა კოლეგიის მოსამართლე მერაბ ტურავას შუამდგომლობით საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.
როგორც რუსთავი 2“-ის წარმომადგენლები აცხადებენ, მათთვის არსებითად მნიშვნელოვანი არ არის, სარჩელს კოლეგია განიხილავს თუ პლენუმი. თუმცა, ადვოკატების განცხადებით, ამ პროცედურებით ხდება სარჩელის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროში გაჭიანურება.
რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსმა მრჩეველმა გიორგი დავითურმა განმარტა, საქმის პლენუმისთვის გადაცემის შუამდგომლობის დაყენების უფლება ჰქონდა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიას, რომელიც ოთხი მოსამართლით არის დაკომპლექტებული.
საქართველოს პარლამენტის მიერ 4 ივნისს ამოქმედებული ნორმის თანახმად კი, საქმის პლენუმისთვის გადაცემის შუამდგომლობის დაყენება ერთ მოსამართლესაც შეუძლია.
ნორმის ამოქმედებიდან მეორე დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრმა, მოსამართლემ მერაბ ტურავამ პლენუმს სამი საქმის განხილვის შუამდგომლობით მიმართა, მათ შორის არის “რუსთავი 2”-ის საქმე “ამორალურ გარიგებებთან დაკავშირებით”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები