დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

საქართველოს საპატრიარქოში დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გასამართ წმინდა კრებასთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს.
წმინდა სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე უხელმძღვანელებს, რომელიც ჩეხეთიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება. ტრადიციულად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება და ეკლესიისთვის პრობლემურ საკითხებს განიხილავს.
წმინდა სინოდმა მართლმადიდებელთა მსოფლიო კრებისთვის მოსამზადებლად საკითხები 25 მაისის სხდომაზე უკვე განიხილა.
მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს. კრების დღის წესრიგის შესათანხმებლად ჟენევაში (შამბეზში) 22-27 იანვარს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრა ჩატარდა.
მართლმადიდებელ ეკლესიათა წმინდა და დიდი კრებაზე იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: მართლმადიდებლური ეკლესიების ურთიერთობა სხვა არამართლმადიდებელ ეკლესიებთან, ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები, კერძოდ, შერეული ქორწინებები მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებლებლს შორის, ქორწინება ნათესაური კავშირის შემთხვევაში და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები