მდუმარე აქცია ბრიუსელში – აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზო რეჟიმი მოითხოვეს

საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის მოთხოვნით ბრიუსელში, ევროპული საბჭოს შენობასთან მდუმარე აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენლები არიან, ამ ფორმით საქართველოსა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. დემონსტრანტებმა აქცია ევროპული საბჭოს შენობასთან დაიწყეს, შემდეგ ევროკომისიასთან გადაინაცვლეს და საბოლოოდ, მსვლელობა სიმბოლურად ბერლინის კედლის ნაწილთან დაასრულეს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება, რათა მალე მიეცეთ საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის საშუალება.
„ბევრისთვის, მათ შორის ევროპელებისთვის, იყო სიურპრიზი, რომ საქართველოსთან დაკავშირებით არ მიიღეს პოზიტიური გადაწყვეტილება. ეს იყო პატარა სკანდალი,“ – განაცხადა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის საზოგადოების ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ ლაშა ტუღუშმა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების სამოქალაქო ფორუმის კოორდინატორი მთავარ დაბრკოლებად მიგრანტების და უცხოელების შიშს ასახელებს.
“ხალხს ეშინია მიგრანტების და უცხოელების. ეშინიათ იმისაც, რომ ახლა თურქეთსაც ენიჭება უვიზო რეჟიმი, ამიტომ ამის გაგონება აღარავის უნდა. საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს არანაირი პრობლემა. საქართველომ ყველა პირობა შეასრულა და მან უნდა მიიღოს უვიზო რეჟიმი,” – განაცხადა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების სამოქალაქო ფორუმის კოორდინატორმა კრისტოფერ ბობინსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები