პოროშენკომ სავჩენკო „ოქროს ვარსკვლავით“ დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ნადეჟდა სავჩენკო, რომელიც რუსეთის ციხიდან დღეს გაათავისუფლეს, „ოქროს ვარსკვლავის“ ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ ტელეკომპანია „112 უკრაინა“ იუწყება.
უკრაინელი მფრინავი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაემგზავრა, სადაც პრეზიდენტთან ერთად ჟურნალისტების წინაშე სიტყვით გამოვიდა. სავჩენკომ ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა.
„ასეთი და რომ არ მყავდეს, ახლა მკვდარი ვიქნებოდი. არ მინდა, რომ ადამიანებს ომი სურდეთ. მაგრამ, სამწუხაროდ, მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ომითაა შესაძლებელი. ბოდიშს ვიხდი იმისთვის, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, მაგრამ ყოველთვის მზად ვარ, უკრაინისთვის გამარჯვებამდე ვიბრძოლო“, – განაცხადა სავჩენკომ.
უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს ნადეჟდა სავჩენკოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: „როგორც ნადეჟდა სავჩენკო დავიბრუნეთ, ისე დავიბრუნებთ დონბასსა და ყირიმს“, – განაცხადა პოროშენკომ.
უკრაინელი მფრინავი, რომელსაც რუსეთში 22-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, სამშობლოში პრეზიდენტის თვითმფრინავით ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. სავჩენკო დღეს დონის როსტოვის აეროპორტში ორ რუს სამხედროში – ევგენი ეროფეევში და ალექსანდრე ალექსანდროვში გაცვალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები