ნადეჟდა სავჩენკო პეტრო პოროშენკოს შეხვდება
უკრაინელი პილოტი ნადეჟდა სავჩენკო, რომელიც დღეს სამშობლოში დაბრუნდა, ქვეყნის პრეზიდენტს, პეტრო პოროშეკოს შეხვდება.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ განაცხადა, სავჩენკო პრეზიდენტის რეზიდენციაში პირდაპირ აეროპორტიდან გაემგზავრა.
შეგახსენებთ, რომ პეტრო პოროშენკომ დღეს რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში თვითმფრინავი გააგზავნა. როსტოვში ნადეჟდა სავჩენკოს და უკრაინაში გასამართლებული ორი რუსი სამხედროს, ევგენი ეროფეევის და ალექსანდრე ალექსანდროვის გაცვლა შედგა.
მანამდე პოროშენკომ ეროფეევი და ალექსანდროვი შეიწყალა. ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება „ნორმანდიული ოთხეულის“ სატელეფონო საუბრის შედეგად მიიღეს. სატელეფონო საუბარი გვიან ღამით გერმანიის კანცლერს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ასევე უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შედგა.