ნადეჟდა სავჩენკო სამშობლოში დაბრუნდა
უკრაინელი პილოტი ნადეჟდა სავჩენკო, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის ციხეში იჯდა, სამშობლოში დაბრუნდა. რუსეთის სასამართლომ სავჩენკო აღმოსავლეთ უკრაინაში ჟურნალისტების მკვლელობაში დამნაშავეს ცნო და მას 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
თვითმფრინავი, რომელშიც ნადეჟდა სავჩენკო იმყოფება, კიევის ბორისპოლის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაფრინდა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დღეს რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში თვითმფრინავი გააგზავნა, სადაც ნადეჟდა სავჩენკოს და უკრაინაში გასამართლებული ორი რუსი სამხედროს, ევგენი ეროფეევის და ალექსანდრე ალექსანდროვის გაცვლა შედგა. მანამდე პოროშენკომ ეროფეევი და ალექსანდროვი შეიწყალა.
როგორც გამოცემა „კომერსანტი“ იუწყება, ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება „ნორმანდიული ოთხეულის“ სატელეფონო საუბრის შედეგად მიიღეს. სატელეფონო საუბარი გვიან ღამით გერმანიის კანცლერს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ასევე უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შედგა.