აღმოსავლეთ უკრაინაში დაბომბვების შედეგად შვიდი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა
დონბასში დაბომბვების შედეგად შვიდი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა. ამის შესახებ უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ტურჩინოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ყველაზე სერიოზული დანაკარგი იყო მიმდინარე წელს.
ტურჩინოვმა სამხედროების დაღუპვაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედ პრორუს სეპარატისტებს იარაღით და ტყვია-წამლით ამარაგებს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ალექსანდრე მოტუზინიკმა განაცხადა, რომ უკრაინის ჯარმა დანაკარგი დაპირისპირების ხაზზე ყველა მიმართულებით განიცადა. ეს როგორც დაბომბვების, ასევე ნაღმებზე უკრაინელი სამხედროების აფეთქების შედეგად მოხდა.