მიხეილ სააკაშვილი: შეძრული ვარ 30 წლის გიგა ოთხოზორიას მხეცური მკვლელობით
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი ხურჩაში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება. სააკაშვილის შეფასებით, ეს არის რუსეთის იმპერიული პოლიტიკის კიდევ ერთი უდანაშაულო მსხვერპლი.
“მე შეძრული ვარ 30 წლის გიგა ოთხოზორიას მხეცური მკვლელობით. ეს არის რუსეთის იმპერიული პოლიტიკის კიდევ ერთი უკვე მერამდენე უდანაშაულო მსხვერპლი. ვუსამძიმრებ ოჯახს და ასევე არ შემიძლია არ ვთქვა, ეს ტრაგედია ვერ მოხდებოდა და არ მოხდებოდა, ელემენტარული ზომები რომ ყოფილიყო უსაფრთხოების.
ვერ მოხდებოდა, იქ რომ მდგარიყო სპეციალური დანიშნულების რაზმი, როგორც ყოველთვის იდგა 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, ვერ მოხდებოდა, მოწოდების სიმაღლეზე რომ ყოფილიყვნენ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები და დამნაშავეებს ჰქონოდათ განცდა, რომ დაუსჯელობა არ იქნება. ეს ტრაგედია ვერ მოხდებოდა, თუ არა ის, რომ, სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ გამოაცხადა თავის პოლიტიკად ის, რომ საქართველო არ უნდა იყოს საერთაშორისო რადარებზე, არ უნდა იყოს ყურადღების ცენტრში და ამგვარად პრაქტიკულად მთლიანად მოასუსტა და მოარღვია საერთაშორისო ფრონტი ასეთი რამეებისთვის ხელის შეშლის.
ამიტომ, ეს შედეგია, გარდა ყველაფრისა, გარდა სისასტიკისა, გარდა ძალადობისა, საქართველოს ოკუპანტი მხარის, ასევე გაუაზრებელი, კაპიტულანტური პოლიტიკის, რომელიც ყველაფერთან ერთად არის არა ფრთხილი პოლიტიკა. იმიტომ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები, ძალიან თავშეკავებულები, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიყოთ დაუდევრები და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევასუსტოთ უსაფრთხოების ზომები, რასაც, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ჰქონდა, ყველას დასანახად ადგილი”, – განაცხადა სააკაშვილმა.
სუს-ის ინფორმაციით, 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობით სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.