პაატა ზაქარეიშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხურჩაში მომხდარი მკვლელობა იყოს ერთადერთი

ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ეს პირველი ასეთი მსხვერპლია, რაც ეჭვქვეშ აყენებს სამშვიდობო პოლიტიკას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე კომენტირებისას განუცხადა.
მინისტრის თქმით, ეს არის უაღრესად აღმაშფოთებელი ფაქტი და 2012 წლის შემდეგ, ამ ტიპის საშინელი დანაშაული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არ ჩადენილა.
„სამწუხაროდ, ეს ჩვენი ხელისუფლების პერიოდში პირველი ასეთი მსხვერპლია, რაც, რა თქმა უნდა, ეჭვქვეშ აყენებს იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რაც ამდენ ხანს ხორციელდებოდა. თუმცა ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკას არავითარ შემთხვევაში არ გადავუხვევთ, მაგრამ მკაცრად და მკაფიოდ მოვითხოვთ, რომ დაისაჯოს ის ადამიანი, მკვლელი, რომელიც იდენტიფიცირებულია. კარგად ჩანს, რომ ეს იყო ცინიკური, ამაზრზენი ფორმით განხორციელებული მკვლელობა“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
სახელმწიფო მინისტრი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ითხოვს, ამ ფაქტზე გამახვილებული იყოს ყურადღება, რადგან „არასდროს ყოფილა, რომ სამშვიდობო პროცესში ასეთი უტიფარი, ცინიკური მკვლელობა განხორციელებულიყო“.
ზაქარეიშვილის თქმით, რუსეთმა ადგილზე თავის თავზე აიღო ეფექტური მმართველობა, განახორციელა ხელმოწერა უკანონო ე.წ. ხელშეკრულებებზე, რითაც ადგილზე დე ფაქტო მმართველობა მიითვისა. ზაქარეიშვილის თქმით, პირდაპირი პასუხისმგებლობა არის იმ ძალაზე, რომელიც ახორციელებს მმართველობას დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე. რაც შეეხება საგუშაგოებს, როგორც მინისტრმა განაცხადა, საგუშაგოები ხურჩაში ყოველთვის იდგა.
„ეს არის საშინელი მკვლელობა. სისხლის სამართლის უდიდესი დანაშაული, მაგრამ ქვეყანაში მდგომარეობა მძიმე არ არის. ჩვენდა საუბედუროდ, მოხდა გამონაკლისი მკვლელობა, ეს არ არის სისტემური ხასიათის. რაც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ის არ მეორდება. ეს არის ერთჯერადი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს იყოს ერთადერთი“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები