არჩილ თალაკვაძე: ე.წ. საზღვართან შს სამინისტროს დანაყოფების მიერ პატრულირება გაძლიერებულია

შს სამინისტროს დანაყოფების მიერ პატრულირება არათუ შესუსტებული, პირიქით – გაძლიერებულია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე საუბრისას, „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, რომ არა ამ დანაყოფების პატრულირება ე.წ. საზღვრებთან, შესაძლოა, მეტი ინციდენტები მომხდარიყო.
„შს სამინისტროს დანაყოფების მიერ პატრულირება არათუ შესუსტებული, პირიქით – გაძლიერებულია. ოკუპირებულ ტერიტორიაზე და გარკვეულ ზონებში, ევროკავშირის მონიტორინგის მისიასაც კი არ უშვებენ, მიუხედავად იმისა, რომ ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო შეთანხმებები თავის დროზე იყო მიღწეული. სამწუხაროდ, არც ქართულ მხარეს და არც საერთაშორისო ორგანიზაციებს არ აქვს საშუალება, გააკონტროლონ სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ იქ სიტუაცია არის უკონტროლო.
ასეულობით პოლიციელი პატრულირებს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან  და რომ არა ჩვენი დანაყოფების პატრულირება ამ ხაზებთან, შესაძლოა, მეტი ინციდენტები მომხდარიყო“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
თალაკვაძის განცხადებით, თუ საგუშაგოების დამატება გახდება საჭირო, ძალოვანი უწყება მზად არის, წარმომადგენლობა კიდევ უფრო გაზარდოს.
„ჩვენს გეგმებს რაც შეეხება, თუ ამაზე მოლაპარაკება განცხადებებით ვერ მოხერხდება, თუ საჭიროა საგუშაგოების დამატება და თუ ჩვენი მოკავშირეები ფიქრობენ, რომ ეს შესაძლებელი და აუცილებელია, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ გავზარდოთ კიდევ ჩვენი წარმომადგენლობა.
იმ ძალებით, რომელსაც ჩვენ ვიყენებდით, მოვახერხეთ ასეთი ტრაგიკული შემთხვევების პრევენცია. რადგან დღეს მაინც მოხდა ასეთი შემთხვევა, ეს კიდევ ერთხელ ხსნის დისკუსიისთვის სივრცეს, რომ ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან მოლაპარაკებით მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილება“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ამასთან, შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სუს-ის ძალისხმევით, აფხაზეთის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების პირველი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები