„ხურჩაში მომხდარ ფაქტს ორი დამნაშავე ჰყავს: პირველი, ვინც დანაშაული ჩაიდინა და მეორე ოკუპაცია“

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ხურჩაში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება. ხიდაშელის შეფასებით, ხურჩაში მომხდარ ფაქტს ორი დამნაშავე ჰყავს: პირველი, ვინც დანაშაული ჩაიდინა და მეორე ოკუპაცია. მისივე თქმით, ტრაგედიების მიმართ ტოლერანტობა აბსოლუტურად ნული უნდა იყოს და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დამნაშავე დაისაჯოს.
”ამ საქმეს ორი ტიპის დამნაშავე ჰყავს. ერთი – დამნაშავეა ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა ეს უსასტიკესი დანაშაული, რომელიც უნდა გამოვლინდეს და მკაცრად დაისაჯოს, მაგრამ მეორე დამნაშავე არის ოკუპაცია. ოკუპაციას ქართული სახელმწიფო მარტოკა ვერ დაამთავრებს. ვინც ამ ილუზიებით ცხოვრობს, შეუძლია ამ ილუზიებით იცხოვროს, მაგრამ ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა. მე არ მივიღებ კრიტიკას იმ ადამიანებისგან, რომ ჩვენ რაიმეს ხელი დავაკელით, ვინც ეს ოკუპაცია მოცემულობად აქცია, გაამძაფრა და იმ ტრაგედიად გვიქცია, რომლამდეც დღეს მოვედით, ამიტომ ყველას ვთხოვ, რომ ემოციები დაიოკოს, საკუთარი ქმედებები გაიხსენონ, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა აიღონ და მხოლოდ ამის შემდეგ გაიშვირონ ვინმეს მიმართ თითი”, – განაცხადა ხიდაშელმა.
ამასთან, თავდაცვის მინისტრი ამ ეტაპზე უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის აუცილებლობას ვერ ხედავს.
”სამწუხაროდ, როდესაც ქვეყანა ოკუპაციის ქვეშაა, ნებისმიერ წუთს შეიძლება დადგეს ეს საკითხი. თემა იმდენად დიდია, ყოვლისმომცველია, იმდენი შენაკადი აქვს, რომ ამაზე საუბარს ვერასდროს დავამთავრებთ. მე არ მგონია, რომ ასეთ ფაქტებს უნდა დავამთხვიოთ უშიშროების საბჭოს სხდომები, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ – ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება დაგვემართოს, არის რაღაც პანიკური განცდების აღზევება ქვეყანაში და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს არ დაუშვას”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები