ცნობილი ინდოელი პროდიუსერები საქართველოში ფილმს გადაიღებენ

პროგრამის ‘“გადაიღე საქართველოში“ პირველი შედეგი უკვე სახეზეა – ინდოეთის წამყვანი პროდიუსერები, ძმები აბას და მუსტან ბურმავალები საქართველოში ჩამოვიდნენ და 20 მაისს შეხვედრა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ანი კვარაცხელია.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, ინდოელი პროდიუსერები საქართველოში 65 დღის განმავლობაში განახორციელებენ რომანტიული ტრილერის “Machine” გადაღებებს და უკვე აქტიურად თანამშრომლობენ ადგილობრივ საპროდუსერო და სარეკლამო კომპანიასთან „ბეთერფლაი.“ აღსანიშნავია, რომ საქართველოში არა მხოლოდ გარკვეული ეპიზოდების, არამედ ფილმის სრული მოცულობით გადაღება მოხდება. კინოოპერატორთა ობიექტივში ძირითადად მოექცევა ქალაქები ბათუმი და მესტია.
„ჩვენ გვქონდა გასვლითი საპრომოციო აქტივობები როგორც ამერიკის, ასევე ინდოეთის ბაზარზე. ამის შედეგია, რომ უკვე სამი კონტრაქტი გვაქვს გაფორმებული სხვადასხვა კინომწარმოებლებთან საქართველოში ფილმის გადაღებებზე, მათ შორის არიან ცნობილი ინდოელი პროდიუსერებიც, რომლებმაც დღეს შეხვედრა გამართეს მინისტრთან. ისინი საკმაოდ დიდ ბიუჯეტიან ფილმს იღებენ საქართველოში. გადაღებები იქნება ძირითადად რეგიონებში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხა იხარჯება საქართველოში“- განაცხადა მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ანი კვარაცხელიამ.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, რომელიც ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას, უკვე შემოსულია 3 განაცხადი. შესაბამისად, აღნიშნულ ინდური ფილმის გადაღებებს მოყვება ამერიკული და ქართულ-გერმანული პროდუქციები. გარდა ამისა, სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერებთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები