ბაჩუკი ქარდავას საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ნეგატიური დამოკიდებულება აქვს

„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერს, ინტერპარტიული ჯგუფის წევრს ბაჩუკი ქარდავას საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. მისი განცხადებით, ცვლილებების განხორციელება ამ ეტაპზე დროული არ იქნება.
„არ ვგულისხმობ იმას, რომ ყველაფერი იდეალურია და ცვლილებას არაფერი საჭიროებს, მაგრამ დღეს ამ საკითხის დაყენება სხვა მიზანს ემსახურება და არა იმას, რომ გაუმჯობესდეს ის მოდელი, რომელიც ქვეყანაშია. ცალსახა და მკაფიოა, რომ ის, ვისაც დღეს სკონსტიტუციო სასამართლოში ცვლილებების განხორცილების ინტერესი აქვს, ეს არის უმრავლესობა.
ერთი მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების თავის ტკივილი აღმოჩნდა, თუმცა მეორე მხრივ, ქართული დემოკრატიისთვის – თავის ტკივილის წამალი, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება როგორც ქართული დემოკრატიისთვის, ასევე შემდგომ მისი საერთაშორისო იმიჯისთვისაც“, – განაცხადა ქარდავამ.
„კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, ქარდავამ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრების არჩევა საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უტოპიაა. მან იმ ხარვეზებზეც ისაუბრა, რომლებიც ცვლილებების მიღების შემთხვევაში გარდაუვალი იქნება.
“მინდა გითხრათ, რომ ამ ცვლილებებში დიდი საფრთხეც იმალება. ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით, იმ მოსამართლეებს, რომლებსაც ირჩევენ ათი წლის ვადით, ბოლო სამი თვის მანძილზე არ ექნებათ დიდი მნიშვენელობის საქმეების განხილვის შესაძლებლობა. მოგეხსენებათ, რომ ასეთი მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ოთხია და მათი არჩევა სექტემბერში უნდა მოხდეს.
უტოპიაა, მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტება არჩევნებამდე დღეებით ადრე. მართალია, საკონსტიტუციო სასამართლო არ განიხილავს არჩევნებთან დაკავშირებულ ტექნიკურ პრობლემებს, მაგრამ თუ დღის წესრიგში დადგა ისეთი საკითხები, როგორიც არის არჩევნების კონსტიტუციურობა და ლეგიტიმაციის საკითხი, მაშინ ამ საკითხების განხილვის შესაძლებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს არ ექნება. ვინც ჩაიფიქრა ეს ცვლილებები, ერთ-ერთი სწორედ ის იქნება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო 2016 წლის არჩევნებთან მიმართებაში და მის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით ქმედითუუნარო იყოს“, – განაცხადა ქარდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები