ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
მაია ბითაძემ შეხვედრის მონაწილეებს სამინისტროს მიერ ბირთვული და რადიაციული რისკების შემცირების მიზნით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. ასევე გააცნო ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ძირეული რეფორმები, მათ შორის ინსტიტუციური, სამართლებრივი და ტექნოლოგიური, რამაც ერთის მხრივ გააუმჯობესა ბირთვული და რადიაციული წყაროების უსაფრთხოების ხარისხი, ხოლო მეორეს მხრივ საშუალება მისცა ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლებსა და ლიცენზიანტებს ისარგებლონ ახლადდანერგილი ერთი სარკმლის პრინციპით სააგენტოს მიერ გაწეული ელექტრონული მომსახურეობებით, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ადმინისტრაციული წარმოების ვადები. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა 2014 წლის ჰააგის სამიტის კომუნიკეს წარმატებით აღსრულების საკითხს, რომლის ფარგლებშიც ქვეყნიდან განხორციელდა მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაცია და საქართველო 2016 წლის ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში დაჯილდოვდა მსოფლიო ბირთვულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილის თვალსაზრისით.
შეხვედრაზე ასევე, ბირთვული ტერორიზმის საფრთხეებთან გასამკლავებლად ეროვნულ დონეზე მისაღები იმ გადაწყვეტილებების შესახებ იმსჯელეს, რომელიც ხელს შეუწყობს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სახელმწიფოს მხრიდან უფრო ეფექტიან რეგულირებას. საბჭოს სხდომაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრაზე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს და ქბრბ სამოქმედო გეგმით განსაზღვრული სხვა პასუხისმგებელი უწყებების პირებმა წარმოადგინეს. კონფერენციაზე, ქბრბ სამოქმედო გეგმის განხორციელებაში სახელმწიფოსათვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენის მეთოდოლოგიის შესახებ მოხსენებით გაერთიანებული ერების რეგიონთაშორისი დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი წარსდგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები