საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლო პერიოდში სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ მათი მისამართით დაფიქსირებულ ბრალდებებს პასუხობს და განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი პირები დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდებენ, უსაფუძვლო ბრალდებების ტირაჟირებისგან თავი შეიკავონ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გაჟღერდა რიგი უსაფუძვლო ბრალდებები თუ შეფასებები, რაც ვფიქრობთ, რომ მაუწყებლის იმიჯის შელახვას და დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

მაუწყებელი, რეალობის ობიექტური ასახვის მიზნით, საჭიროდ თვლის აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსიროს.

როგორც ცნობილია, ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებელი გარდაქმნის მნიშვნელოვან პროცესშია, რაც თანმიმდევრულ ცვლილებათა სერიას გულისხმობს. მაუწყებლისთვის ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის და საზოგადოების ინფორმირებულობა.

2016 წლის აპრილში გადაიცა სტუდია „მონიტორის“ მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიება „საზოგადოებრივი მაუწყებლის გაჭიანურებული რეფორმა“. ფილმით რამდენიმე გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა, რამაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა და ჩვენი აზრით, უხერხულობა შეუქმნა სტუდია „მონიტორს“.

ფილმი აგებულია 2015 წლის მარტში საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით ჩატარებული კვლევის დასკვნებზე, მაგრამ არ არის დოკუმენტურად წარმოდგენილი არც თავად კვლევა და არც ის დასკვნები, რომელთაც ფილმის ავტორები ყოველგვარი გადამოწმების გარეშე იმეორებენ.

მაგალითად, ფილმში ნათქვამია, რომ 2015 წლის კვლევის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელში არ გადის ჟურნალისტური გამოძიება, არ არის თოქ-შოუ, გადაცემები რეგიონებზე, სოფლებზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტური გამოძიების პროექტი „გამომძიებელი რეპორტიორი“ 2015 წელს ორი საერთაშორისო პრიზის მფლობელი გახდა. ეს გადაცემა 2014 წლის ოქტომბრიდან გადის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში და დღემდე 24 ფილმი მოამზადა. მათ შორის – 19, სწორედ, 2015 წელს გავიდა ეთერში. კვლევაში კიდეც რომ ყოფილიყო უზუსტობა, გამომძიებელ ჟურნალისტებს საზოგადოებრივის გადაცემებზე ინფორმაცია სხვა გზებითაც უნდა მოეპოვებინათ – მით უფრო, როცა რეალურად არსებულ გადაცემებზე ხელმისაწვდომობა უმარტივესია.

იგივე შეიძლება ითქვას ფილმში გადაცემულ ინფორმაციაზე, რომ მაუწყებელს არ აქვს თოქ-შოუ, გადაცემები რეგიონებსა და სოფლებზე.

2015 წელს პირველ და მეორე არხებზე რამდენიმე თოქ-შოუ გადიოდა: „პირველი სტუდია“, „რეალური სივრცე“, „კომუნიკატორი“, „ეპიცენტრი“, „არგუმენტების დრო“, „თავისუფალი ტრიბუნა“. 2015 წლის ბოლოს დაემატაგადაცემები „მთავარი“ და „ინტერVIEW“, ხოლო 2016 წლიდან „ცხოვრება ციფრებში“ და „ვექტორი“ (გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადის 30-ზე მეტი ორიგინალური ტელეპროდუქტი, მაღალი ხარისხის მექანიკური პროდუქცია და ექსკლუზიური სპორტული რეპორტაჟები). მაუწყებელი, რამდენიმე წელია, სოფლისა და რეგიონების პრობლემებზე ამზადებს გადაცემას „ფერმა“, რომელიც საკმაოდ პოპულარულია. სტუდია „მონიტორმა“ არ შეისწავლა საკვლევი მასალა და მაყურებელს მცდარი ინფორმაცია მიაწოდა, დაარღვია საგამოძიებო ჟურნალისტიკის უმთავრესი პრინციპი – ინფორმაციის გადამოწმება რამდენიმე მეთოდით.

„მონიტორმა“ ტელეფორმატში მექანიკურად გადაიტანა სოციოლოგიური კვლევა, არ დაასახელა ამ კვლევის შემსრულებელი, სათაური, კვლევის საინდენტიფიკაციო სხვა დეტალები, ტირაჟირება გაუკეთა ერთი კონკრეტული კვლევის ემპირიულ მასალას და დასკვნის სახით წარმოუდგინა მაყურებელს, სავარაუდოდ, რომელიმე ფოკუსჯგუფში გამოთქმული აზრი იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანები არიან გაუნათლებლები, არაკომპეტენტურები და არამოტივირებულები.

ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დაზუსტდეს ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის წინა და მიმდინარე წლების რეიტინგების შედარების თაობაზე. ფილმში ნათქვამია, რომ მაუწყებელს არ შეუდარებია წინა და მიმდინარე წლის რეიტინგები და ავტორი ამ ინფორმაციას უპირისპირებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ 2014-2015 წლის რეიტინგების შედარებას. აქვე აღსანიშნავია, რომ წინა (2015) და მიმდინარე (2016) წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგს სხვადასხვა კომპანია ზომავს, რომელთა მონაცემების პირდაპირი სახით შედარება სრულიად გაუმართლებელია.

ფილმში საუბარია სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის დაყენების შესახებ, თუმცა ყურადღება არ არის გამახვილებული მთელ რიგ ცვლილებებზე, რომლებიც 2015 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზაციულ სტრუქტურაში განხორციელდა. კერძოდ, შეიქმნა რამდენიმე ძირითადი მმართველი ბლოკი, დაინიშნა თითოეული მათგანის ახალი დირექტორი, რომელთა ერთობლიობა წარმოადგენს აღმასრულებელ საბჭოს, გენერალური დირექტორის სათათბირო-საკოორდინაციო ორგანოს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მედიის სფეროში რესპექტაბელური ორგანიზაციების მონიტორინგის და კვლევის შედეგებს და ცდილობს განვითარების პროცესში მაქსიმალურად გამოიყენოს ეს ინფორმაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებითია მაუწყებლის მიმართ სხვადასხვა ორგანიზაციის, ექსპერტების და მედიის სხვა წარმომადგენლების შეფასება იყოს საფუძვლიანი, ფაქტებით გამყარებული, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს შემდგომში დაეხმარება შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს მითითებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

2016 წლის აპრილში IREX-ის მიერ გამოქვეყნდა მედიის მდგრადობის ინდექსის ანგარიში, დოკუმენტში აღნიშნულია მოსაზრებები, რომლებიც რეალობას არ შეესაბამება და შეიძლება კვლევაში მონაწილე პანელისტების შეფასებას წარმოადგენს, თუმცა რიგ შემთხვევაში მიკერძოებულია, რჩება შთაბეჭდილება, რომ შეფასება კონკურენტი, დაინტერესებული მხარის მიერ კეთდება და არა ობიექტური დამკვირვებლის მხრიდან.

მონიტორინგის დროს ასეთი სახის შეფასებების არსებობის შემთხვევაში, რეალური სურათის შესაქმნელად (მაშინ როცა კვლევაში საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელი არ მონაწილეობს), რელევანტურია კვლევის მხარემ ორგანიზაციიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია, ვიდრე საბოლოოდ შეაჯამებს მოსაზრებებს.

მსგავსი სახის ზედაპირული შეფასებები, რომელიც კეთდება საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე რეფორმების სიღრმისეული ანალიზის გარეშე, უარყოფით გავლენას ახდენს მთლიანად ამ პროცესზე და ემსახურება საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციის მცდელობას.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმართავს ყველა დაინტერესებულ პირს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს და უსაფუძვლო ბრალდებების ტირაჟირებისგან თავი შეიკავონ, რაც აზიანებს არა მხოლოდ მაუწყებელს, არამედ ეჭვქვეშ აყენებს თავად ამ პირების თუ ორგანიზაციების მიუკერძოებლობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები