საოკუპაციო ხაზთან დაკავების ფაქტს საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება – „პროვოკაციული ქმედებები გრძელდება“
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონიდან 9 ადგილობრივის გატაცების ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ეხმაურება და მომხდარს რუსეთის მხრიდან განხორციელებულ პროვოკაციად აფასებს.
როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებს თემის კომენტარებისას განუცხადა, ქართული მხარე შესაბამის რეაგირებას მოახდენს იმ ფორმატის ფარგლებში, რა ფორმატიც ამ შემთხვევაში გამოიყენება.
როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს.
„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი ფაქტი და ასეთი პროვოკაციული ქმედებები გრძელდება. შესაბამისად, რეაგირებას მოვახდენთ და ეს იქნება იმ ფორმატებით, რა ფორმატებიც გამოიყენება. ამ შემთხვევაში. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ასეთი პროვოკაციული ქმედებები გრძელდება. ამით კი ზარალდებიან ჩვენი მოსახლეობა და მოქალაქეები“,- განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონში რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 9 მოქალაქე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ჯონჯოლის საკრებად იყვნენ წასული. დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.