ვინ არის ალექსანდრე მუხაძე, რომლის მითითებითაც საპატიმროში ბესიკ ხარძიანზე ძალადობა ხორციელდებოდა

ალექსანდრე მუხაძე, რომლის მითითებითაც საპატიმროში ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდებოდა, სასჯელაღსრულების #8 საპყრობილის უფროსად 2010 -2012 წლებში მუშაობდა. პროკურატურის ინფორმაციით, ციხის ყოფილი უფროსი გია უდესიანის დავალებას ასრულებდა, რომელსაც ბესიკ ხარძიანის წილების გადაფორმება სურდა.
ალექსანდრე მუხაძეს იგივე „ქილერას“ როგორც თანამდებობის პირს, ქონებრივი დეკლარაცია არასდროს შეუვსია. აღსანიშნავია, რომ მუხაძის მეუღლე ქეთევან ცაციაშვილიც ამავე სამინისტროში იყო დასაქმებული. ქეთევან ცაციაშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის სამედიცინო უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩეველი იყო, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში თანამდებობაზე ყოფნის დროს 13 225 ლარი მიიღო.

2012 წლის იანვარში გიორგი დგებუაძე, მეტსახელად “მასტერა” ბაჩანა ახალაიამ თავდაცვის სამინისტროში, განუყრელ მეგობრებთან – მეგის ქარდავასა და ალექსანდრე მუხაძესთან ერთად გადაიყვანა. ალექსანდრე მუხაძემ პირველად და უკანასკნელად, ქონებრივი დეკლარაცია, სწორედ თავდაცვის სამინისტროში მუშაობის დროს შეავსო, თუმცა არასრულყოფილად. იგი დოკუმენტში არ უთითებს არც უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციას და არც საცხოვრებელი სახლის მისამართს.
დოკუმენტით ირკვევა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე მუხაძემ ქონებრივი დეკლარაცია 2012 წლის 13 თებერვალს შეავსო. სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსანმა ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითა, რომ 2011 წელს, N8 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა ხელფასის სახით 61 707 ლარი მიიღო.
სწორედ ეს პერიოდი ემთხვევა მთავარი პროკურატურის მიერ გამოძიებულ მასალებს. პროკურატურის საგამოძიებო მასალების თანახმად, 2011 წელს, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის დაკავებული ბესარიონ ხარძიანი მოთავსდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილეში. გიორგი უდესიანი დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაუკავშირდა აღნიშნული საპყრობილის იმჟამინდელ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს, რომელთანაც გააჩნდა მეგობრული ურთიერთობა და დაავალა პატიმარ ბესარიონ ხარძიანზე ისეთი სახის ზემოქმედება მოეხდინა, რაც ამ უკანასკნელს იძულებულს გახდიდა, მისი და ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ბიზნესწილები დაეთმო.
„მიღებული დავალების სისრულეში მოყვანის მიზნით, ალექსანდრე მუხაძის მითითებით, პატიმარ ბესარიონ ხარძიანის საკანში მოთავსდა ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილი ორი პატიმარი, რომლებსაც უშუალოდ ალექსანდრე მუხაძისგან მიღებული ჰქონდათ დავალება, ნებისმიერი მეთოდით იძულებული გაეხადათ ბესარიონ ხარძიანი, დაეთმო კომპანიების – „კუს ტბა კალასა“ და „კუს ტბა პალასის“ წილები. აღნიშნული პირები ორი კვირის განმავლობაში ინტენსიურად ახორციელებდნენ ბესარიონ ხარძიანზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას, სცემდნენ და აიძულებდნენ, ქონება გიორგი უდესიანის სასარგებლოდ დაეთმო, რასაც ალექსანდრე მუხაძის დავალებით ასევე ხელს უწყობდნენ საპყრობილის თანამშრომლები“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
სამხედრო პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს სამი შვილი და მეუღლე ჰყავს. „კვირა“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. გაირკვა, რომ ალექსანდრე მუხაძემ უწყება 2013 წლის 3 ოქტომბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ალექსანდრე მუხაძეს 2009 – 2010 წლებში თავდაცვის სამინისტროს გორის ჰოსპიტლის დირექტორის თანამდებობა ეკავა.
Untitled

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები