ირაკლი ლექვინაძე ნიკა მელიას და ირაკლი აბესაძეს პასუხობს

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ბრალდებებს პასუხობს.
ირაკლი ლექვინაძემ ნიკა მელიასა და ირაკლი აბესაძის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბოტანიკურ ბაღს 4 ჰექტარი ტერიტორია ჩამოერთვა და ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციას გადაეცა, არასწორი უწოდა.
ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, მოხდა ბოტანიკური ბაღის საზღვრების კორექტირება და 4 ჰექტარი ტერიტორიის ჩანაცვლება.
”ბოტანიკურმა ბაღმა ამ ჩამოჭრილი 4 ჰექტარის ნაცვლად ბევრად უფრო უკეთესი ტეროტორია მიიღო, რომელიც, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, არის ბოტანიკური ბაღისთვის ბევრად უკეთესი. ეს ტერიტორია გზის მიმდებარეა, რომელიც კრწანისი-შინდისის გზის მხრიდან ბოტანიკურ ბაღს ესაზღვრება. მას არანირი კავშირი რეზიდენციასთან არ აქვს. ბოტანიკური ბაღის ტერიტორია რჩება ძველ მოცულობაში. უბრალოდ საზღვრების კორექტირება და 4 ჰექტარის ჩანაცვლება მოხდა ახალი ტერიტორიით, რომელიც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბოტანიკური ბაღისთვის უფრო მომგებიანია მცენარეების თვალსაზრისით და ასევე იმ ტურისტული მიზნებისთვის, რომელიც ბოტანიკურ ბაღს შეიძლება გააჩნდეს”, – განაცხადა ლექვინაძემ.
თბილისის მერის მოადგილის თქმით, აღნიშნული საკითხის პოლიტიზება მიზანშეწონილი არ არის.
რაც შეეხება 29 ჰექტარს, რომელიც აუქციონზეა გამოტანილი, როგორც ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, ხდება ახალი გზის გაყვანა, რომელმაც კრწანისის ტერიტორია შინდისის მიმდებარე სოფლებთან უნდა დააკავშიროს და აღნიშნული აუქციონი სწორედ ამ გზის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას ემსახურება.
”აუქციონზე გამოტანილია დაახლოებით, 29 ჰექტარი ტერიტორია, რომელიც არის გზის მეორე მხრეს, ბოტანიკური ბაღისგან ბევრად უფრო მოშორებით. ეს დაკავშირებულია გზის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებასთან”, – განაცხადა ლექვინაძემ.
მისი თქმით, აუქციონი არის გამჭვირვალე და მასში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
რაც შეეხება ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორის გათავისუფლებას, ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ ამას თავისი კონკრეტული მიზეზი ჰქონდა, არაეფექტურ მენეჯმენტს უკავშირდებოდა და დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დღეს ინფორმაცია გაავრცელეს, რომლის თანახმადაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ბოტანიკურ ბაღს 4 ჰექტარი ტერიტორია წაართვა და თავის რეზიდენციას მიუერთა.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ და თბილისის საკრებულოს წევრმა ”ნაციონალური მოძრაობიდან” ირაკლი აბესაძემ განაცხადეს, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰექტარ ტერიტორიასთან დაკავშირებით, რომელზეც კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი ახალი გზა უნდა გაკეთებულიყო, მერიამ აუქციონი გამოაცხადა, რომელიც 3 მაისს დასრულდება და ”მისი შემძენი ბიძინა ივანიშვილი გახდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები