“ახლა მნიშვნელოვანია, გავუგზავნოთ ძლიერი სიგნალი არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ ევროკავშირსაც”

ვცდილობთ, დავსვათ ყველა კითხვა ახლა, რადაგან გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩვენ დრო აღარ გვექნება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარია გაბრიელმა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკომიტეტო განხილვის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პროცედურა დაიწყო სამოქალაქო თავისუფლებების, სამართლისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში და ამ საკითხზე სულ მცირე ორი ან სამი დისკუსია გაიმართება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ საქართველომ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა. საქართველომ ამისათვის დიდი ძალისხმევა გასწია. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავუგზავნოთ ძლიერი სიგნალი მოქალაქეებს, არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ ევროკავშირისაც. სწორედ ახლა არის დრო, დავსვათ კითხვები გარკვეულ გამოწვევებზე, როგორიცაა მიგრაცია, ორგანიზებული დანაშაული, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარკვეული ასპექტები. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია წინსვლა. ეს ნორმალური პროცედურაა. ჩვენს კომიტეტში კენჭისყრის შემდეგ შეგვიძლია, გადავინაცვლოთ პლენარულ სხდომაზე, სადაც უკვე სტრასბურგში პლენარულ სხდომაზე გაიმართება საბოლოო კენჭისყრა“, – განაცხადა მარია გაბრიელმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მარია გაბრიელის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ რა დრო დასჭირდება ევროპარლამენტს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის განსახილველად.
„მე პატივს ვცემ ევროკომისიას, თუმცა ევროპარლამენტს საკუთარი პროცედურა აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ნორმალურად გაიმართოს განხილვები, კენჭისყრით, მტკიცე განზრახვით”, – აღნიშნა ევროპარლამენტის დეპუტატმა, რომელიც საქართველოს საკითხზე დღეს მომხსენებლი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები