თემურ თორდინავამ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში მის მიერ დანიშნული 4 თანამშრომელი გაათავისუფლა

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის ოთხი თანამშრომელი გაათავისუფლა. ოთხივე მათგანი ერთი წლის წინ თანამდებობაზე თავად თორდინავას ბრძანებით დაინიშნა.
როგორც „კვირას“ სააგენტოს ხელმძღვანელმა განუცხადა, გათავისუფლებულებიდან ორს საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა, ხოლო ორი სააგენტოში სპეციალისტად მუშაობდა.
„თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურში საკადრო ცვლილება განხორციელდა. მსგავსი ტიპის ცვლილებები ნორმალური მოვლენაა და ადრეც განხორციელებულა მსგავსი ტიპის საკადრო ცვლილებები. აღნიშნული გადაწყვეტილება სისტემის გაჯანსაღება, ხარვეზების აღმოფხვრას და ფინანსური მენეჯმენტის ეფექტიანობის გაზრდას ემსახურება“, – განუცხადა „კვირას“ თემურ თორდინავამ.
მან გათავისუფლებული პირების ვინაობები არ გაამხილა, თუმცა აღნიშნა, რომ ოთხივე პირი სააგენტოში ერთი წლის წინ დაინიშნა. „კვირას“ კითხვაზე, რა კრიტერიუმებით შეირჩნენ თავის დროზე, დღეს გათავისუფლებული თანამდებობის პირები, თემურ თორდინავამ ვერ განმარტა.
„ჩვენ ვახორციელებთ არაერთ რეფორმას და მომავალშიც განვახორციელებთ არაერთ რეფორმას. თბილისის ბაგა-ბაღების სისტემაში წელიწად-ნახევარში განვახორციელეთ რამდენიმე საკადრო ცვლილება და კიდევ ახალი რეფორმის განხორციელებას ვაპირებთ. ახლა მიმდინარეობს კადრების შერჩევის პროცესი. შესაბამისად, უახლოეს მომავალში საფინანსო-ეკონომიკური სამსახური მუშაობას ახალი გუნდით გააგრძელებს“, – აღნიშნა თემურ თორდინავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები