ილია მეორე: დღევანდელ დღეს ყოველი ადამიანი სიხარულის მახარებელი უნდა იყოს

„დღევანდელ დღეს ყოველი ადამიანი სიხარულის მახარებელი უნდა იყოს“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სვეტიცხოველში ქადაგებისას განაცხადა.
კათოლიკოს-პატრიარქმა სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა და ტაძარში მყოფი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დალოცა.
„როგორც ამბობენ ჩვენი წინაპრები, იმდენად დიდია ხარების დღესასწაული, რომ ამ დღეს ჩიტი ბუდესაც არ იკეთებს და ადიდებს უფალს. ჩვენ ვადიდებთ უფალს და მადლობას ვწირავთ მას, მოგვმადლოს წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული.
დღევანდელი დღე ჩვენ შთაგვაგონებს, რომ ყოველი ადამიანი უნდა იყოს მახარებელი. აი, გეძლევათ თქვენ ლოცვა-კურთხევა, რომ ადამიანებს უთხრათ სასიხარულო ამბავი, არა სამწუხარო და არა ნეგატიური, როგორც ჩვენი ტელევიზიები სულ ნეგატიურს გადმოსცემენ და ეს ქმნის სიმძიმეს, სტრესებს, თითქმის არ გადის დღე, რომ არ მოვიდნენ ჩვენთან და არ თქვან, რომ ამა თუ იმ ადამიანმა თავი მოიკლა. სიხარული უნდა ვახაროთ ადამიანებს, ჩავიხედოთ ადამიანის გულში“, – ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, დღეს მთელ მსოფლიოში არის დაძაბული ურთიერთობა და კაცობრიობა ეძებს მიზეზს ამ დაძაბულობისა. უპირველეს ყოვლისა, თითოეულმა ადამიანმა თავის გულში უნდა ჩაიხედოს.
დღესვე სვეტიცხოვლის ტაძარში ასევე სამი ჯვარი ეკურთხა, რომელიც აღდგომის მესამე კვირამდე სვეტიცხოველში დარჩება, შემდეგ კი გადაბრძანდება ჯვარზე, მცხეთის მთაზე და უჯარმაში. დღეს სასულიერო პირები მცხეთის ქუჩებს აკურთხებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები