აზერბაიჯანული და სომხური მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში ადანაშაულებენ

აზერბაიჯანული მხარე და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის წარმოამდგენლები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხურმა მხარემ ერთი დღე-ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 119-ჯერ დაარღვია. უწყების ინფორმაციით, დაიბომბა 20 დასახლებული პუნქტი. თავის მხრივ, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სადაზვერვო-დივერსიული შეჭრის ორი მცდელობა განახორციელეს. სომხური მხარის ინფორმაციის მიხედვით, აზერბაიჯანის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ერთი სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა 5 აპრილს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. მას წინ უძღოდა 3-დღიანი ინტენსიური ბრძოლები. სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ მხარეებმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში დაადანაშაულეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები