„ბერი ანდრიას ფონდი“ ბათუმში გამოფენა-პრეზენტაციას გამართავს

18 მარტს, 17:00 საათზე, „ბერი ანდრიას ფონდი“ ბათუმის საგამოფენო დარბაზ „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში” გამოფენა-პრეზენტაციას გამართავს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ირაკლი ძნელაძის ფოტოობიექტივით დანახული, შარშან ზაფხულში აჭარაში მყოფი ფონდის მესვეურთა ვოიაჟი, აგრეთვე, სტუდია „ბასტი-ბუბუსა“ და „ბერი ანდრიას ფონდის“ პატრონაჟის ქვეშ მყოფ ბავშვთა ერთობლივი ვიდეორგოლი.

ასევე, 19 მარტს, 20:00 საათზე, რესტორან „მიუნხენში“ გაიმართება საქველმოქმედო საღამო: სოფო ხალვაშის, ნიკო ბერიძის, გიორგი ბერიძის, ჯგუფ „ასეა სუულ“-ის, ნინი ბაშარულისა და ილუზიონისტ დავით რენეს მონაწილეობით. ბილეთის ფასი 25 ლარია, შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში. აგრეთვე, ორივე დღეს, აღნიშნულ ლოკაციებში განთავსებული იქნება ყულაბები შემოწირულობებისთვის, სადაც მსურველებს საშუალება ექნებათ, შეძლებისდაგვარად, დაეხმარონ სოლიდური სიმსივნით დაავადებულ პატარებს.

როგორც “ბერი ანდრიას ფონდში“ აცხადებენ, ფონდი 2012 წლიდან უანგაროდ ემსახურება სოლიდური სიმსივნით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის მოზარდებს და მათ ოჯახებს, ბავშვთა მკურნალობას, მათ რეაბილიტაციასა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას. ფონდის სახსრებიდან ხდება ქიმიოთეარაპიისა და იმ მკურნალობის ხარჯების დაფარვა, რაც ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამით არ არის გათვალისწინებული.
ფონდი ასევე უზრუნველყოფს ქიმიოთერაპიის შემდგომი მონიტორინგის პროცესში, ბავშვთა კომფორტულ ცხოვრებას სარეაბილიტაციო სასტუმროს ტიპის სახლში. შესაძლებლობის ფარგლებში, ფონდი უზრუნველყოფს ბავშვების დასვენებას მშობლებთან ერთად წლის სხვადასხვა პერიოდში. ფონდი ზრუნავს ყველა დაავადებულ მოზარდზე, მიუხედავად მათი მრწამსისა თუ ეროვნებისა.
“აჭარა უკვე 4 წელია ამ ბავშვების ხშირი მასპინძელია. ფონდის მიმართ მხარდაჭერა (მოღვაწეობის საკუთარი სფეროდან გამომდინარე და არა მხოლოდ) არაერთხელ გამოხატეს სახელმწიფო სტრუქტურებმა, კერძო კომპანიებმა, ინდივიდუალურმა პირებმა თუ უბრალოდ მოხალისეებმა, რომელთა ხელშეწყობით განხორციელდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის. მათი გახალისება და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი წინაპირობაა მათივე ფიზიკური მდგომარეობის უკეთესობისკენ შესაცვლელად.
ფონდის ბავშვებმა ზღვისპირეთში დაუვიწყარი საზაფხულო არდადეგები გაატარეს, შევძელით არაერთი შემეცნებითი თუ გასართობი ღონისძიების ჩატარება, მათი ღირსეული მასპინძლობა. „ბერი ანდრიას ფონდი“ საქმიანობის მასშტაბის გაზრდას და მისი ზრუნვის ქვეშ მყოფთათვის კიდევ უფრო სრულყოფილი გარემოს შექმნას გეგმავს.

გასული წლის ბოლოს ეკონომიკის სამინისტრომ ფონდს თბილისში მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადასცა. სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობა იქ შემოწირულობებით უნდა განხორციელდეს. სოლიდური სიმსივნით დაავადებულ რეგიონებიდან ჩამოსულ ბავშვებს მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის, უსასყიდლო თავშესაფარი ექნებათ.

„ახალ სახლში“ მათ სადღეღამისო რეჟიმში მოემსახურებიან ექიმებიც.

ცნობისათვის, უკვე ჩვენი მუდმივი მხარდამჭერები არიან: „ბათუმის დელფინარიუმი“, პარფიურმერული ქსელი „ლუტეცია – ბათუმი“, სატრანსპორტო კომპანია “Metro-ჯორჯია”, „ჯეოსელი“, სასტუმროები: „Georgian Palace Hotel & Spa“, „ჰილტონ ბათუმი“ და „კოლიზეუმ მარინა“, საკონდიტრო „ალუბალი“, ტურისტული კომპანია „კრეატივ ტური“, საბაგირო „არგო“, „ბოულინგ ცენტრი“, „6 მაისის პარკი“, ბოტანიკური ბაღი, ბათუმის ბულვარი, სარეკლამო კომპანია „ORANJE LEEUW“, „აჭარის სარეკლამო კომპანია“, კინოთეატრი „აპოლო“, კომპანიები: „ნაბეღლავი“, „ბადაგი“, “ჯე ფლორა“, „დიმესი“, „ლუდი ბათუმური“, მაღაზია „ირინოლა“, „მარი გოლდი“, და „მაისკა“, კაფე-რესტორნები: „მიუნჰენი“, „HB“, „მეგრულ-ლაზური“, „ლაღიძის წყლები“, “MONET“, „პორტო ფრანკო“, „BK“, „ოლდ ბულვარი“, სტუდია „ბასტი-ბუბუ“, „იალონი სტუდიო“, „მაკრო სტუდიო“, „აჭარის ტელევიზია“, „აჭარის რადიო“, აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო… და, საბედნიეროდ, მხარდამჭერთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მოგეხსენებათ, მძიმე დაავადების გამო, ამ პატარებს განსაკუთრებული ყურადღება, თანადგომა და სითბო ჭირდებათ. ამასთან, ჩვენთვის სოლიდარობის ნებისმიერი ფორმით გამოხატვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასევე მივესალმებით ნებისმიერ აქტივობას, რომელიც ჩვენს პატარებს სახეზე უდარდელ ღიმილს მოჰგვრის. იმედი გვაქვს, მომავალშიც, თქვენი და თქვენს მსგავსად, სხვათა კეთილი ნება, შესაძლებლობების მაქსიმუმის მიღწევაში დაგვეხმარება”, – აცხადებენ ფონდში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები