კონსტანტინე ჩახუნაშვილი: თუ სამკურნალო გარემო გაუმჯობესდება კლინიკებში, ქვეყნიდან პაციენტების გადინება მკვეთრად შემცირდება
საპარტნიორო ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც თბილისის სამ საავადმყოფოს შეეხებოდა, დასკვნით ეტაპზეა. ტენდერის ბოლო საფეხურზე გავიდა ავსტრიული კომპანია „ალფამედიკი“, რომელიც კონსორციუმის სახით არის წარმოდგენილი და აერთიანებს ისეთ გამოცდილ კომპანიებს, როგორიცაა FMK, Keppie, The Health Partnership, FESP.
ტენდერის დასრულების შემდეგ, რაც გულისხმობს საპარტნიორო ფონდსა და კონსორციუმს შორის ხელშეკრულების გაფორმებას, აღნიშნული სამი საავადმყოფოს მმართველობა საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის მოდელით განხორციელდება.
ამ საკითხს ეხმაურება მედიცინის დოქტორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში კონსტანტინე ჩახუნაშვილი:
„კერძო და საჯარო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი ცუდი არ იქნება. ამ შემთხვევაში, ორივე მხარე შეუწყობს ერთმანეთს ხელს. ეს კი, თავის მხრივ, განვითარებისთვის კარგი სტიმულია. დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ ყველას უჭირს. შეიძლება, კერძო სექტორი რაღაცაში წამოეხმაროს, მეორე მხრივ, სახელმწიფო დაეხმარება და ერთობლივად, რა თქმა უნდა, უფრო მეტის მიღწევა შეიძლება. როდესაც ორივე მხარე დაინტერესებულია, უფრო წარმატებული იქნება ასეთი ურთიერთობა, შესაბამისად, მოდელიც ზუსტად მორგებული“, – განაცხადა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა.
ექსპერტმა ასევე ისაუბრა პაციენტის მკურნალობის დროს არსებული გარემოს მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას დიდი გავლენა აქვს მთლიან მკურნალობაზე:
„სამუშაო გარემო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია პასუხისმგებლობის გრძნობის ასამაღლებლად. როდესაც ექიმი კარგ გარემოში მუშაობს, ის უკვე მოტივირებულია, რომ უკეთესად შეხვდეს პაციენტს, უფრო მომზადებული იყოს და გაიუმჯობესოს უნარ-ჩვევები. როგორც წესი, მსგავს თემებზე უფრო მეტად სწორედ კერძო სექტორი ზრუნავს. ის უკეთეს სამუშაო პირობებს უქმნის თავის ექიმს, რომელიც შესაბამისად, უკეთესად იზრუნებს პაციენტზე. ამ შემთხვევაში სწორედ პაციენტი რჩება მოგებული. ზოგადად, როდესაც ადამიანი მიდის საავადმყოფოში, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება განწყობას. ამერიკელები პაციენტის მკურნალობის დროს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. დანიშნული მკურნალობა უკეთეს შედეგს გამოიღებს კარგ გარემოში, ვიდრე იქ, სადაც არ არის შესაბამისი პირობები“, – მიიჩნევს კონსტანტინე ჩახუნაშვილი.
ექიმი აღნიშნავს, რომ კარგი ინფრასტრუქტურა, კვალიფიციური პერსონალი და შესაბამისი გარემო ხელს შეუწყობს ქვეყნიდან პაციენტების გადინების შემცირებას.
„აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი წამყვანი სპეციალისტების დონე არაფრით ჩამოუვარდება უცხოელებისას. შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ ისინი უკეთ იცნობენ პაციენტებს, ჩვენი რეგიონისათვის დამახასიათებელი სპეციფიკიდან გამომდინარე. ვერ ვიტყვი, რომ ბევრ რამეში ძალიან ჩამოვრჩებით სხვა ქვეყნებს, თუნდაც თურქეთს. შეიძლება ისინი ზოგიერთი მიმართულებით წინ არიან, რაც გამოწვეულია მათი ახლო ურთიერთობით ევროპასა და ამერიკასთან. თუკი განვითარდება ინფრასტრუქტურა და სამკურნალო გარემო გაუმჯობესდება კლინიკებში, ქვეყნიდან პაციენტების გადინება შემცირდება“, – აღნიშნა მან.
კონსტანტინე ჩახუნაშვილი მიიჩნევს, რომ დაგეგმილი ცვლილებები პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთობას გააღრმავებს:
„საბოლოო ჯამში, მივესალმები დაგეგმილ ცვლილებებს და ვფიქრობ, ეს ნაბიჯები უფრო გააღრმავებს და გააძლიერებს კავშირს პაციენტსა და ექიმს შორის“, – აცხადებს კონსტანტინე ჩახუნაშვილი.