ლევან ბერძენეშვილი: კარასინის მუქარას სათანადო პასუხი უნდა გასცეს შესაბამისმა ქართულმა უწყებებმა
“რესპუბლიკური” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებას შესაბამისმა ქართულმა უწყებებმა სათანადო პასუხი უნდა გასცენ.
როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადება არაკორექტული იყო.
“საქართველოში არსებული წინასაარჩევნო ვითარება აჩვენებს, რომ პრორუსულ პოლიტიკურ ძალებს დიდი შანსები არ აქვთ. საქართველოს აქვს ძალიან სერიოზულად აღებული კურსი ევროპულ ინტეგრაციაზე. ამას აკეთებს ხელისუფლება, ამას აკეთებს ძირითადი ოპოზიციაც. გასაგებია, რომ ასეთ შემთხვევაში ნაკლები შანსი აქვს პრორუსულ ძალებს. ვიღაცეებს ჰქონდათ გარკვეული ილუზია, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, აქ კიდევ პრორუსული პოლიტიკური ძალები გაიმარჯვებდნენ და საბოლოოდ გადაწყვეტდნენ საკითხებს ისე, როგორც მათ მიაჩნიათ სწორად. მათ საქართველოში შანსი არ აქვთ. ჩვენ არ გავინტერესებს საბჭოთა კავშირის აღდგენა. ძალიან უცნაურად ემთხვევა ეს ორკესტრირებული ამბები, კარასინის გამოსვლები და ცალკეული ადამიანების გამოსვლები, მაგალითად თინათინ ხიდაშელის წინააღმდეგ მუქარას, რომ ჩვენ ყველაფერს ვერ მოვითმენთ. ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვითმენთ. ვითმენთ, რომ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი არის ოკუპირებული. ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი მსოფლიო ცდილობს შეაჩეროს რუსეთის მზარდი აგრესიული გეგმები. მე არ ვიცი რას მიაღწევს კარასინი. საქართველოს სახელმწიფოს გზა ევროპაში ინტეგრაციისკენ არის გარდაუვალი და ეს ამბავი ჩამოყალიბდა ძველი წელთაღრიცხვის მეცამეტე საუკუნიდან.
კარასინის გაფრთხილება როდესაც ის შეეხეო საქართველოს პრეზიდენტს, თავდაცვის მინისტრს, ძალიან არაკორექტულია. კარასინის მუქარას სათანადო პასუხი უნდა გასცეს შესაბამისმა ქართულმა უწყებებმა. მაგრამ მე პირადად ვხედავ, აქ არის ბრძოლა სწორედ იმ მინისტრის წინააღმდეგ, რომელიც ასე უშლის ხელს ბევრ ვინმეს”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში ქართულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკის გაზრდაა.