თეა წულუკიანი: პროკურატურიდან და შსს-დან ტომრებით გაიტანეს ჩანაწერები
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის პერიოდში, ვიდრე გამარჯვებული ძალა აიღებდა ხელისუფლების მართვის სადავეებს, სხვადასხვა უწყებიდან უამრავი ჩანაწერი და მნიშნელოვანი დოკუმენტი გაიტანეს.
როგორც წულუკიანმა ტელეკომპანია “პირველის“ ეთერში განაცხადა, სწორედ ამ დროს დატოვა საქართველო ყოფილმა გენპროკურორმა და იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, იმ დროს ქვეყნის საზღვრებს ჯერ კიდევ ყოფილი ხელისუფლება აკონტროლებდა. წულუკიანის განცხადებით, სწორედ ამიტომ ის ვერ მიიღებს კრიტიკას, რომ “ახალმა ხელისუფლებამ დამნაშავეები ქვეყნიდან გაუშვა“.
“საპარალამენტო არჩევნები ჩატარდა 1 ოქტომბერს, ჩვენ – მინისტრებმა, მთავარმა პროკურორმა 25 ოქტომბერს ავიღეთ მართვის სადავეები ხელში. არჩევნების შემდეგ იმ დამნაშავეებს სწორედ სამი კვირა ჰქონდათ ხელისუფლებაში ყოფნისა. ჩემი წინამორბედი, იუსტიციის მინისტრი, გენერალური პროკურორი 2 თუ 3 სამ ოქტომბერს გაიქცა ქვეყნიდან, მაშინ საზღვარს კვლავ “ნაციონალური მოძრაობა“ აკონტროლებდა. ამიტომ ამას ვერ გათქმევინებთ, რომ, მაგალითად, ადეიშვილი მე გავუშვი ქვეყნიდან. როდესაც მე მოვედი, ის უკვე გაქცეული იყო იმ პერიოდში, როდესაც მისივე გუნდი ჯერ კიდევ მართავდა საზღვარს. სწორედ ამ პერიოდში გაიტანეს იუსტიციის სამინისტროდან, პროკურატურიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან – მოდულის შენობიდან ჩემოდნებით და ტომრებით ჩანაწერები და მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომლებიც შემდეგ სად წავიდა, დღესაც ბოლომდე არავინ იცის, ნუ გეწყინებათ, შეიძლება ყველა დოკუმენტის ადგილსამყოფელი ვერც ვერავინ გაიგოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.