თენგიზ ფხალაძე გრიგორი კარასინს მიმართავს – ქართველი ხალხის არჩევანი არ შეიცვლება
„არჩევნები საქართველოში დემოკრატიის სტანდარტების უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება“ – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის დღევანდელ განცხადებას, რომელიც საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ გააკეთა.
როგორც თენგიზ ფხალაძემ აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა და ეს არჩევანი არ შეიცვლება.
„რაც შეეხება არჩევნებს, ეს არის საქართველოს საშინაო საქმე. არჩევნები საქართველოში ჩატარდება დემოკრატიის სტანდარტების უმაღლესი სტანდარტების დაცვით. მე არ ვიცი, რომელ არჩევანზე ლაპარაკობდა ბატონი კარასინი, თუ აქ საუბარია საქართველოს სტრატეგიულ არჩევანზე – ეს არჩევანი ქართველ ხალხს კარგა ხნის წინ აქვს გაკეთებული და ეს არჩევანი არ შეიცვლება, თუ საუბარია საპარლამენტო არჩევნებზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, რომ ეს არის საქართველოს საშინაო საქმე. ეს არის ქართველი ხალხის სუვერენული ნება და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ამ ნების და ამ არჩევანის დაცვისათვის”,- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გრიგორი კარასინმა საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.
“დღეს მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკის გაზრდაა, რომელიც ისმის თბილისში საერთაშორისო არენაზე საზოგადო მოღვაწეების მხრიდან, თუმცა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ყველაზე საწყენია, რომ მსგავსი განცხადებები ოფიციალური პირებისგან, პოლიტიკოსებისგან, მინისტრებისგან, პრეზიდენტისგანაც კი ისმის. ახლა გზაგასაყარზე ვართ, როცა არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ან კონფრონტაციას დავუბრუნდეთ ან თანდათან დავალაგოთ ნორმალური, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.