პრეზიდენტის ადმინისტრაცია გრიგორი კარასინის განცხადებას პასუხობს

„ჩვენი რაციონალიზმი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს რაიმე სახით შეგუებას ოკუპაციასთან“, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის დღევანდელ განცხადებას.
პრეზიდენტის მრჩეველი შემაშფოთებელად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ერთგვარ ტენდენციად იქცა, ქართულ-რუსული დიალოგის მორიგი რაუნდის წინ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზზე პროვოკაციების მოწყობა. ფხალაძის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ქვაკუთხედი და ამოსავალი წერტილი ნებისმიერ სახელმწიფოსთან ურთიერთობის.
“დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტროს მოადგილემ, ბატონმა კარასინმა გააკეთა განცხადება, რომელიც ყველამ მოვისმინეთ. ამასთან დაკავშრებით, უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი წარმომადგენელი ბატონი ზურაბ აბაშიძე იმყოფება ადგილზე და, ვფიქრობ, იგი ვალდებულია, რომ შესაბამისი პასუხი გასცეს ყველა იმ ბრალდებას თუ პრეტენზიებს, რომელიც გაჟღერდა ბატონი კარასინის მხრიდან. სამწუხარო და შემაშფოთებელია ის, რომ უკვე ერთდგვარ ტენდენციად იქცა ქართულ-რუსული დიალოგის მორიგი რაუნდის წინ პროვოკაციების მოწყობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზზე. მოწესრიგებულ საზოგადოებაში, რომელზედაც საუბრობდა დღეს ბატონი კარასინი, სწორედ ამგვარი ქმედებები ითვლება მიუღებლად. ნორმალური და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები, რაც ასევე ახსენა ბატონმა კარასინმა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემას და სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობას. საქართველო სწორედაც რომ ისწრაფვის ცივილური ურთიერთობების ჩამოყალიბებისაკენ და მაქსიმალურ ძალისხმებას ახმარს ნებისმიერი უმწვავესი საკითხის მოლაპარაკების ფორმატში გადაჭრას, თუმცა აქვე მინდა დავძინო, რომ ეს მიდგომა და ჩვენი რაციონალიზმი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს რაიმე სახით შეგუებას ოკუპაციასთან და არ ნიშნავს ეროვნულ ინტერესებზე უარის თქმას. წყალგამყოფს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ტერიტორიული მთლიანობა ნებისმიერ სახელმწიფოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედი და ამოსავალი წერტილია. სწორედ აი ამ პრინციპის დაცვისაკენ და, აქედან გამომდინარე, კონსტრუქციულ რეჟიმში დარჩენისაკენ მოუწოდებს საქართველო რუსეთის ფედერაციას“, – აცხადებს თენგიზ ფხალაძე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში განაცხადა, რომ დღეს არსებულ ვითარებაში ორი სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრის შესახებ საუბარი ამ ეტაპზე შეუძლებელია. “მე აღარ გავიმეორებ სულელურ განცხადებებს, მაგრამ არ მესმის, როგორ შეიძლება ამ სიტუაციაში ორი სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრაზე ვილაპარაკოთ. ეს უბრალოდ სასაცილოა. ასეთი შეხვედრები უნდა მომზადდეს. ისინი ვერ შედგება ქართული მხრიდან არსებული მტრული და ხაზგასმული მიუღებლობის ვითარებაში. ამიტომ დავაკვირდებით და მოვლენების ანალიზს გავაგრძელებთ”, – განაცხადა კარასინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები