თეა წულუკიანი ალექსი პეტრიაშვილის ბრალდებებს პასუხობს – ეს ხელისუფლება არ არის დაკავებული ფარული მიყურადებით
იუსტიციის მინისტრი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში ფარულად მიყურადება ხორციელდება. ამასთანავე, თეა წულუკიანი „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, ალექსანდრე პეტრიაშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც საუბარი იყო, 2015 წლიდან, ეკა მიშველაძისა და მისი მეუღლის თვალთვალის შესახებ.
„მე ვამბობ, კატეგორიულ „არა“-ს. ეს ხელისუფლება არ არის დაკავებული ფარული მიყურადებით და მე ამას გამოვრიცხავ. რაც შეეხება ალექსი პეტრიაშვილს, ის და მისი თანაპარტიელები ისეთ ინსინუაციებსაც აკეთებდნენ, თითქოს, მას პოლიტიკური ნიშნით ესროლეს და დაკავებულმა პირმა პირიქით განაცხადა, რომ ეს ყოფითი კონფლიქტი იყო. რა ხარისხის ყოფითი კონფლიქტია ეს, ან რის გამო მოხდა ეს კონფლიქტი, ეს უკვე გამოძიების საქმეა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ალექსი პეტრიაშვილის ინფორმაციით, მისი და ეკა მიშველაძის ურთიერთობა 2015 წელს დაიწყო და მათი ურთიერთობის ამსახველი ვიდეოკადრებიც არსებობს.