თეა წულუკიანი: ერთ-ერთ ვიდეოზე შემორჩენილია 2012 წლის ზაფხულის თარიღი
სამართალდამცველები და, პირველ რიგში, საქართველოს პროკურატურა ყველაფერს აკეთებენ, რომ დამნაშავეებს მიაკვლიონ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “პირველის“ ეთერში ფარული კადრების საქმეზე საუბრისას განაცხადა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, არსებული ხელისუფლება აღნიშნული კადრების შექმნასა და გავრცელებაზე პასუხისმგებლობას არ და ვერ აიღებს. წულუკიანის თქმით, ხელისუფლების ვალდებულება საქმის გამოძიება და დამნაშავეთა დასჯაა.
“სამართალდამცველები და, პირველ რიგში, საქართველოს პროკურატურა ყველაფერს აკეთებენ, რომ დამნაშავეებს მიაკვლიონ. ეს ხელისუფლება, რომელიც 2012 წლის 25 ოქტომბრიდან არის ქვეყნის სათავეში, არ და ვერ აიღებს პასუხისმგებლობას კადრების შექმნასა და გავრცელებაზე, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა,რომ პასუხი იყო უმკაცრესი, მშვიდი, დროული და ეფექტური იმისთვის, რომ ყველა ადამიანმა დაცულად იგრძნოს თავი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან,თეა წულუკიანი გამორიცხავს,რომ აღნიშნული კადრები უფრო გვიანდელია. წულუკიანის თქმით, ერთ-ერთ ფარულ ვიდეოში შემორჩენილია თარიღი, რომლითაც ირკვევა, რომ ვიდეო 2012 წლის ზაფხულშია გადაღებული.
“ჩვენ – ყველას, ვინც საჯარო სცენაზე ვიყავით, გვახსოვს, 2012 წელს არჩევნებამდე იყო დაგეგმილი შეტევა ქალებზე, რომ ჩვენ დაგვდევდნენ, ჩაიწერდნენ, ბოროტად უხაროდათ და შეუთვლიდნენ ხოლმე აი ჩვენ რა გვაქვს და ასე და ასე მოიქეცი… თუ ვერ ჩაგწერდნენ მაშინ იმედგაცრუებული სახეებით დადიოდნენ ხოლმე, ჩვენ – ყველას დაგვდევდნენ. ეს გვახსოვს. ამიტომაც გამოვრიცხავ, რომ ის კადრები, რომლებიც გავრცელდა, იყოს უფრო გვიანდელი, უფრო მეტიც, არამცთუ გამოვრიცხავ, არამედ, როგორც პროკურატურა ამას ამბობს ფაქტებით და მტკიცებულებებით ერთ-ერთ ვიდეოზე,რომელიც გავრცელდა, დღესაც შემორჩენილია 2012 წლის ზაფხულის თარიღი, ამიტომ ამაზე მტკიცებულებითი კუთხითაც ვერ იქნება დავა. რაც შეეხება მათ შემდგომ პერიოდს, მე, პირადად, როგორც ამ ქვეყნის იუსტიციის მინისტრი გამოვრიცხავ, რომ სახელმწიფოს ხელით (აქ იგულისხმებიან ჩინოვნიკები, რომლებიც სახელმწიფოს ხელია) ამას აკეთებდნენ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.