კაციტაძე ფარულ კადრებზე: ხელისუფლება ცდილობს, ამ ფორმით წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ველი მოასუფთავოს

ბოლო დღეების ორი ყველაზე ხმაურიანი თემა, დაპირისპირება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელება, პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ საპარლამენტო არჩევნებს დაუკავშირა.
როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ეს ორი თემა ერთი მიზნის ქვეშ ერთიანდება.
„ის, რაც ხდება უნივერსიტეტში და ის კადრები, რაც პირადი ცხოვრების გასაჯაროებას და ბევრ საზიზღრობას ისახავს მიზნად, უკავშირდება ერთ თემას, და ეს თემაა- „არჩევნები 2016“. ის, რომ ეს ყველაფერი საარჩევნო წელს ხდება, ხდება აჟიტირებულად, მომართულად, მწყობრად, უკვე აჩენს ეჭვს, რომ ამ წელთან დაკავშირებით რაღაცაშია საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეიძლებოდა შარშან ან უფრო ადრეც გაკეთებულიყო“,- აღნიშნა კაციტაძემ.
კაციტაძის განცხადებით, უნივერსიტეტში განვითარებულმა მოვლენებმა ერთგვარი მიშვებული ხასიათი მიიღო. მისი თქმით, უხეში ძალა არ უნდა იქნას გამოყენებული, მაგრამ პროცესების მიშვებას შეიძლება ცუდი განვითარება მოჰყვეს. მისი განცხადებით, სტუდენტებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.
„მე ჯიუტად ვამტკიცებ, რომ უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები პოლიტიკასთან არის დაკავშირებული, არის გარედან ინსპირირებული და ბინძურად არის გამოყენებული სტუდენტთა კეთილი ნება“, – აღნიშნა კაციტაძემ.
რაც შეეხება ფარული კადრების გავრცელებას, კაციტაძის თქმით, წინა ხელისუფლების მიერ გადარებულ კადრებს დღეს მოქმედი ხელისუფლება საარჩევნოდ პოლიტიკური ველის გასუფთავებისთვის იყენებს.
„წინა ხელისუფლებასაც და ახლანდელ ხელისუფლებასაც აწყობს ის, რაც ხდება. ამით სუფთავდება პოლიტიკური ველი და ისევ რჩება 2 პოლუსი. ბოლომდე ვერ გაიკრიფა პოლიტიკური ველი. ერთის გადაღებულს მეორე აჩვენებს. ის, რაც გავრცელდა, ან ის, რაც უნდა გავრცელდეს, თუ ეხება რომელიმე ხელისუფლების წარმომადგენელს. იმ მინისტრებზეა დაანონსებულ ვიდეოებში საუბარი, რომელიც ამ ხელისუფლებისთვის უკვე ტვირთი და ნეგატივია. გაიხსენეთ, საიდან არიან ის მინისტრები და საიდან მოდიან და ვისთან არიან დაკავშირებულნი. ეს ხელისუფლება ცდილობს ამ ფორმით წინასაარჩევნოდ ველი მოასუფთავოს. დააკვირდით, ვინ არის სამიზნე, როდის არის სამიზნე და როგორ ხდება ეს ყველაფერი. ამ ფორმით უნდა დაბინძურდეს პოლიტიკური ველი, რომ შემდეგ გაიწმინდოს “, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები