ნინო თოდუა: სოციალური აქციის მიმდინარეობისას აქცენტი სოფლებზე უნდა გაკეთდეს

იანვრის ბოლოდან საქართველოში მიმდინარეობს სოციალური აქცია: „რა გაწუხებთ?“ ეს არის „გლობალური ალიანსისა“ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივა, რომელმაც ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემები უნდა გამოავლინოს. მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები ჯანდაცვის სამინისტროს სამომავლო ქმედებებში აისახება.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ნინო თოდუა ასეთი ტიპის გამოკითხვის მნიშვნელობაზე საუბრობს და განმარტავს, რა დატვირთვა აქვს მას მოსახლეობის პრობლემების უკეთ შესწავლის თვალსაზრისით:
„ვიმედოვნებ, რეაგირება მოჰყვება ამ გამოკითხვის შედეგებს, ჩემი ორგანიზაცია დაახლოებით 6 წელია მუშაობს რეგიონებში, სადაც პრაქტიკულად არანაირი ინფორმაცია არ აქვთ ჯანდაცვის პროგრამებზე. მათ უმრავლესობას ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება და ვერც გამოკითხვაში მიიღებენ მონაწილეობას. ამიტომ, ვფიქრობ, აქცენტი სოფლებზე უნდა გაკეთდეს და იქ მოხდეს, ძირითადად, მოსახლეობის გამოკითხვა.“
ნინო თოდუას თქმით, არის სოფლები, სადაც არც საავადმყოფოა, არც კომპიუტერი და არც ინტერნეტი, შესაბამისად, მოსახლეობას ინფორმაცია არ აქვს. სწორედ მოსახლეობაში ინფორმაციის ნაკლებობას ასახელებს ის ჯანდაცვის სისტემის მთავარ პრობლემად:
„ოჯახების დიდმა ნაწილმა არც იცის, რომ დახმარება ეკუთვნის, ან რა პროგრამაში შეიძლება ჩაერთოს. ზოგიერთ სოფელში მოქმედი საყოველთაო დაზღვევის შესახებაც არც იციან, რომელიც მათ ძალიან სჭირდებათ. საყოველთაო დაზღვევა, მართლაც, კარგი პროექტია, რომელიც გეგმურ ოპერაციას მაღალი პროცენტით აფინანსებს, მაგრამ ინფორმაციის ნაკლებობის გამო სოფლად ბევრი ადამიანისთვის ის ხელმიუწვდომელია“, – აცხადებს ნინო თოდუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები