დავით ზალკალიანი გაეროს შტაბ-ბინაში ვიზიტით იმყოფება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი ქალაქ ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში ვიზიტით იმყოფება.
როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დავით ზალკალიანმა შეხვედრები გამართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელ თანამდებობის პირებთან. გაეროს სამდივნოს პოლიტიკური დეპარტამენტის ევროპული სამსახურის დირექტორთან, ბატონ ლევენტ ბილმანთან შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის საკითხსა და ეთნიკური დისკრიმინაციის საფრთხეს.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოსთვის პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიც არის ძალის არგამოყენება, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება, პროგრესის მიღწევის აუცილებლობა.
ბატონმა ბილმანმა შეხვედრაზე დაადასტურა გაეროს მზაობა, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ხელი შეუწყოს პრინციპულ საკითხებზე პროგრესს.
ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვდა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს, მოგენ ლუკეტოფტს. ქართულმა მხარემ გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს გააცნო ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებების დარღვევების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებას და ამ მხრივ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობას.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აგრეთვე გამართა შეხვედრა გენერალური მდივნის მოადგილესთან და გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორის მოადგილესთან, ტეგეგნეუორკ გეტუსათან. შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ მიულოცა გენერალური მდივნის მოადგილეს გაეროს განვითარების პროგრამის დაარსებიდან 50 წლის იუბილე და გამოთქვა საქართველოსა და გაეროს შორის ურთიერთობების გაღრმავების მზაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები