სურსათის ეროვნული სააგენტო ე.წ. ცხვრის ჭირთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ცხვრის კატარალური ცხელების (Bluetongue) არსებობა არ დადასტურდა.

მათივე ცნობით, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულია, მიაწოდოს ინფორმაცია ყველა წევრ ქვეყანას.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ამის მიუხედავად, საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცხვრის კატარალური ცხელების გამო ქუვეითის სასოფლო-სამეურნეო საქმეთა და თევზის რესურსების უწყებამ საქართველოდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აკრძალა.

“უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოდან ქუვეითში ცოცხალი ცხოველების ექსპორტი ბოლო ოთხი წელია არ განხორციელებულა. ქართული მხარე კიდევ ერთხელ განმარტავს, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეჭვი საქართველოში დაავადება ცხვრის კატარალური ცხელების (Bluetongue) შესახებ არ დადასტურდა. (იხილეთ ბმულიhttp://www.oie.int/wa…/public/wahid.php/Reviewreport/Review…)

საქართველოში აღებული ნიმუშები გადაიგზავნა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირბრაიდის (დიდი ბრიტანეთი) რეფერალურ ლაბორატორიაში. გაგზავნილი 11 ნიმუშიდან ცხვრის კატარალური ცხელება არცერთში არ დადასტურდა.

საქართველოს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ამის შესახებ ექსპორტიორ ქვეყანებსა და ცხოველთა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრებს დამატებით აცნობებს. ამასთან, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების კეთილსაიმედოობის მიზნით, მიმდინარეობს ვეტერინარული ღონისძიებები და მუდმივი მონიტორინგი. ბოლო ათი დღის განმავლობაში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით 800 ათასამდე სული ცხოველის ვაქცინაცია განხორციელდა“,-აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები