შუამთა-ჭყვიშის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა, ვანის მაჟორიტარ დეპუტატთან, დავით ლორთქიფანიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, შუამთა-ჭყვიშის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი იმერეთის რეგიონში, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და მჭიდროდ დასახლებულ სოფლებზე – შუამთასა და ჭყვიშზე გადის.
აღნიშნული გზა გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმებთან მიდის და ტურისტულად მნიშვნელოვან საგზაო მონაკვეთს წარმოადგენს. 4.5 კმ-იანი საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია ითვალისწინებს ასფალტ-ბეტონის საფარის განახლებას, ხელოვნური ნაგებობების, ბეტონის პარაპეტების, საგზაო ნიშნების, გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობას.
ცნობისთვის, პროექტი, რომლის ღირებულება 1 მილიონ 468 ათასი ლარია, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მიმდინარე წლის ზაფხულამდე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები