სამეგრელოს რეგიონული არქივის ახალი შენობა 7 მარტს გაიხსნება

ზუგდიდში მდებარე სამეგრელოს რეგიონული არქივის ახალი შენობა, რომელიც 7 მარტს გაიხსნება, დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაათვალიერა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდის არქივის აქამდე არსებულ სამსართულიან შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ამავდროულად, მის გვერდით აშენდა 4-სართულიანი შენობა, სადაც საარქივო დოკუმენტების საცავები განთავსდა.
შენობები ერთმანეთს მე-2 და მე-3 სართულებზე არსებული ხიდებით დაუკავშირდა. მათივე ცნობით, საცავები, რომლის მთლიანი ფართი 1112 კვ. მეტრია, თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო, აღიჭურვა კონდიცირების, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით.
სამეგრელოს რეგიონის რაიონების – ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის არქივების დოკუმენტები, სულ 371 218 საქმე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული.
დოკუმენტების საცავებსა და სამუშაო ოთახებთან ერთად, რეგიონული არქივის შენობაში მოეწყო სამკითხველო და საგამოფენო სივრცე.
ცნობისთვის, მშენებლობა ტენდერით შერჩეულმა ორგანიზაციამ – შპს ,,აგრომშენსერვისმა“ განახორციელა. სამშენებლო სამუშაოებზე 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები