„საქართველოს მთავრობა ნარკოტიკების კონტროლს დიდ პრიორიტეტს ანიჭებს“
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის 2014 წლის ანგარიში წარმოადგინა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსული საქართველოს მთავრობა დიდ პრიორიტეტს ანიჭებს ნარკოტიკების კონტროლს, რაზეც 2013 წელს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ამოღებული ნარკოტიკების რაოდენობა მეტყველებს.
ანგარიში ყოველწლიურად სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ აშშ-ის კონგრესს წარედგინება და მასში თავმოყრილია ინფორმაცია საერთაშორისო მასშტაბით სახელმწიფოების/მთავრობების აქტივობებისა და ძალისხმევის შესახებ ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით 2013 კალენდარული წლისათვის.
„2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსული საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დიდ პრიორიტეტს ანიჭებს ნარკოტიკების კონტროლს, რაზეც მეტყველებს 2013 წელს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ამოღებული ნარკოტიკების რაოდენობა. შედარებისთვის, წინა წლის ანგარიშში ბევრად ნეგატიურად იყო შეფასებული 2012 წლის განმავლობაში ნარკოტიკული საშუალებების ამოღების მცირე ოდენობა და აგრეთვე ნარკოტიკებზე არსებული სტატისტიკის წარმოება“,- აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, 2013 წელს საქართველოს პოლიციის მიერ ამოღებული 116 კილოგრამი ჰეროინის ფაქტი წარმოადგენს საქართველოს მიერ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ამოღების ყველაზე დიდ ოდენობას. ანგარიშში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ 2013 წლისათვის საქართველოს მთავრობამ გაზარდა ნარკოტიკებთან დაკავშირებული მკურნალობისა და პრევენციის ზომების დაფინანსება. კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ანგარიში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა წარმატებით აგრძელებს კურსს, რომელიც მიზნად ისახავს სამართალდამცავ ორგანოებში კორუფციასთან ბრძოლას. “საქართველოს მთავრობა აგრძელებს რეფორმების გატარებას სამოქალაქო, საგადასახადო და სამართალდაცვით სფეროებში კორუფციის გამოსავლენად და მისი გამოვლენის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებლად. დამკვიდრებული პოლიტიკის თანახმად, საქართველოს მთავრობა არ ახალისებს და არ უწყობს ხელს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო წარმოებასა და დისტრიბუციას, აგრეთვე, იგი არ არის ჩართული უკანონო ნარკოტიკული საშუალებების გასაღების შედეგად მიღებული სახსრების ლეგალიზაციაში. ნარკოტიკებთან დაკავშირებით არც ერთი სერიოზული კორუფციის ფაქტი არ დაფიქსირებულა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდამცავ დანაყოფებში და საქართველოს მთავრობა არ ახალისებს და არ უწყობს ხელს ნარკოტიკების ტრაფიკს”, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის ანგარიშში.