„გლობალური ფონდი“ საქართველოს ტოვებს – რა ელით ტუბერკულოზითა და შიდსით დაავადებულ პაციენტებს

„გლობალური ფონდი“ საქართველოს ტოვებს. აღნიშნული ორგანიზაცია ტუბერკულოზის, შიდსისა და მალარიის პროგრამებს საქართველოში წლებია აფინანსებს.
როგორც გაზეთი„პრაიმტაიმს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუმარტეს, „გლობალური ფონდი“ თავის საქმიანობას ყველა ქვეყანაში ხურავს და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. მათივე თქმით, მათ მიერ დაფინანსებული პროგრამების გაგრძელების ვალდებულებას კი, საკუთარ თავზე სახელმწიფო აიღებს.
„გლობალური ფონდი“, მთელი ევროპის მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, საქმიანობას წყვეტს. რაც შეეხება იმას, როგორ მოხდება მათ მიერ დაფინანსებული პროგრამების გაგრძელება, ამას უკვე სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს. ეს ასეც იყო გათვალისწინებული პროგრამის მიხედვით. გარკვეულ დროს პროგრამების მართვა სახელმწიფოს უნდა ეკისრა“, – აღნიშნეს სამინისტროში.
სტატიის მიხედვით, 2003 წლიდან დღემდე „გლობალური ფონდის“ დახმარებამ 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტავენ, რომ ფონდის მიერ გაწეული 103 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის 62,8 პროცენტი შიდსთან, 33,8 პროცენტი ტუბერკულოზთან და 3,4 პროცენტი მალარიასთან საბრძოლველად იქნა გამოყენებული, რაც „ქვეყანაში აღნიშნული დაავადებების კონტროლის პროგრამების წარმატებული განხორციელების წინაპირობა გახდა, მათ შორის 2011 წლიდან მოხდა მალარიის ელიმინაცია.
ცნობილია, რომ ტუბერკულოზით ყოველწლიურად მსოფლიოში 8,5 მილიონი ადამიანი ავადდება, ერთი ბაქტერიაგამომყოფი კი, საშუალოდ, 10-15 ადამიანს გადასდებს ინფექციას. საქართველოში ყოველ ასი ათას მცხოვრებზე 130-მდე დაავადებული მოდის. სტატისტიკა მეტყველებს, რომ საქართველოში დაავადების მატებას ადგილი არ აქვს.
რაც შეეხება შიდსს, საქართველოში, 2016 წლის 3 თებერვლის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო – პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია აივ-ით ინფიცირების 5475 შემთხვევა, აქედან 4044 მამაკაცია, 1431-ქალი. 2016 წელს გამოვლინდა აივ-ინფიცირების 63 ახალი შემთხვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები