თურქეთის ერთ-ერთ ბაზაზე საუდის არაბეთის ჯარი გადაისროლეს

საუდის არაბეთმა თურქეთში, ინჯირლიყის ბაზაზე ავიაგამანადგურებლები და სახმელეთო ძალები გადაისროლა. ინფორმაცია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმაც დაადასტურა.
„ინდეფენდენთის“ ცნობით, ჩავუშოღლუ ძალების გადასროლას სირიაში შესაძლო სახმელეთო ოპერაციას უკავშირებს. თურქეთში გაგზავნილი საუდის არაბეთის ძალების რაოდენობა არ სახელდება.
„საუდის არაბეთი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას გეგმავს. ამისთვის ის მზად არის თვითმფრინავები და სახმელეთო ძალები გამოიყენოს“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამავე წყაროს ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საუდის არაბეთი და არაბთა გერთიანებული საამიროები სირიაში სპეცრაზმებს გააგზავნიან, რათა სირიის ქალაქი რაქა „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებისგან“ გაათავისუფლონ.
საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი სირიაში სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად მზად არიან, თუ მას აშშ და დასავლეთის კოალიცია მხარს დაუჭერს.
„ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად სირიაში შეიარაღებული ძალების გაგზავნის მზადყოფნა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც გამოხატეს.
აშშ და დასავლეთის კოლიცია სირიაში საჰაერო ოპერაციას 2014 წლიდან ატარებენ. გასული წლის ბოლოს ერ-რიადმა საკუთარი ანტიტერორისტული კოალიციის შექმნის შესახებ განაცხადა. მასში 34 ქვეყანა, მათ შორის თურქეთი და ეგვიპტე შევიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები