ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარი დააჯილდოვა

  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარი იოჰანეს კორნელის ვან ბაალენს სახელმწიფო ჯილდო – ,,ოქროს საწმისი’’ გადასცა. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის პრესსამსახურის ცნობით, ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქე ევროპარლამენტარს ჯილდო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის წინააღმდეგ ევროპარლამენტში წარმოებული აქტიური კამპანიისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით გაწეული პირადი წვლილისათვის გადაეცა.
“მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება პირადად გადმომეცა ჯილდო ადამინისთვის, რომელიც ძალისხმევას არ იშურებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, რაც გამოიხატება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის წინააღმდეგ ევროპარლამენტში მის მიერ წარმოებულ აქტიურ კამპანიაში. ბატონო იოჰანეს კორნელის ვან ბაალენ, მიიღეთ ჩემი გულწრფელი მადლობა და პატივისცემა თქვენი პირადი წვლილისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საქმეში”,-განაცხადა საქართველოს პრემიერმა.
ვან ბაალენის თქმით, ნიდერლანდების სამეფოს საქართველოსთან მრავალმხრივი ურთიერთობა აკავშირებს და მოხარული იქნება თუ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება. მისივე თქმით, მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და დღემდე ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, რაც დაუშვებელია.
იოჰანეს (ჰანს) კორნელის ვან ბაალენი -ჰოლანდიელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტარი 2009 წლიდან. პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატი, სახალხო პარტია მშვიდობისა და დემოკრატიისათვის წევრი (VVD).იგი ევროპარლამენტში თავდაცვასა და ევროპის საგარეო საკითხებზე მუშაობს. ავღანეთში ნიდერლანდების მეტ ჩართულობას უჭერდა მხარს. აქტიურ მონაწილეობას იღებს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში. ვან ბაალენი მრავალი უცხოური ჯილდოსა და ორდენის კავალერია. მიღებული აქვს ტაივანის დიდი ჯვრის ორდენი, ასევე ბულგარეთის, ბელგიის, რუმინეთის, პოლონეთის სახელმწიფო ჯილდოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები