უსუფაშვილი სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას ბრიუსელიდან გამოეხმაურა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პროკურატურას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების გადაწყვეტილებას არც უწონებს და არც უწუნებს, – ამის შესახებ უსუფაშვილმა ბრიუსელში განაცხადა.
“ჯერ ერთი, ჩემთან ეს თემა არავის წამოუწევია – არც ერთ მაღალი თანამდებობის პირს, ვისთანაც მე შეხვედრა მქონდა. მეორე – მე პირადად არც ვიწონებ და არც ვუწუნებ პროკურატურას ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან პროკურატურა იმისთვის არსებობს, რომ გახსნას დანაშაული და ამასთან ეს გააკეთოს ისე, რომ არ დაარღვიოს კანონი და არ შელახოს სხვისი უფლებები. ამ ჩარჩოში მოქმედ პროკურატურას ჩემგან, რა თქმა უნდა, აქვს მხარდაჭერა დანაშაულის გახსნაში. მესამე – ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ არ დავივიწყოთ და შეცდომაში არ შევიდეთ იმის თაობაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ დასმულია კითხვები, როგორც შესაძლო მოწმის მიმართ და იგი არ არის ეჭვმიტანილი თუ ბრალდებული რაიმე კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში. ამასთანავე, იმ საქმეებზე, რომლებზეც პროკურატურა საუბრობს, ვიცით, რომ ძალიან დიდი ხანია, საზოგადოების ინტერესია, რომ დადგინდეს სიმართლე. ამიტომ ეს ყოფილი პრეზიდენტი იქნება, მოქმედი პრეზიდენტი იქნება, ყოფილი სპიკერი იქნება პარლამენტის თუ მოქმედი თავმჯდომარე, თუ ვინმემ რაიმე ვიცით საქმის თაობაზე და შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ ჭეშმარიტების დადგენას, მე მგონი ეს უნდა გავაკეთოთ ზედმეტი პოლიტიკური გართულებების გარეშე”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ის ფაქტი, რომ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი დანაშაულთან დაკავშირებით პროკურატურის ინტერესის ობიექტი იყოს, კარგი არ არის. “ეს არაფერზე კარგზე არ მეტყველებს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ვუმკლავდებით იმ თემებს, რომლებიც ჩადნილია წარსულში და რომელიც უნდა გამოვიძიოთ. ამიტომ ჩემი პოზიცია იქნებოდა, რაც შეიძლება სწრაფად, მშვიდად და წყნარად ყველა კითხვაზე პასუხი გაეცეს. მე მგონია, რომ მშვიდად უნდა შევხვდეთ ამას. რაც შეხება რეაქციას ხვალ და ზეგ, შესაძლოა იყოს რეაქცია კითხვის ფორმითაც, საჭიროა თუ არ არის საჭირო დაკითხვაზე დაბარება, დროულია თუ არ არის დროული და ა.შ. ამაზე ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც არ არის გამორიცხული, რომ იყოს განსხვავებული პოზიციები”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.