იპოვა თუ არა 82 წლის ქალმა ავტობუსში დაკარგული ჩანთა? – თხოვნა, რომელმაც საზოგადოება გააკვირვა

82 წლის მოხუცმა ქალბატონმა ელენე ბერაძემ თავისი გულწრფელი თხოვნით საზოგადოება გააკვირვა. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მოხუცი ქალბატონის მიერ ფურცელზე, ხელით დაწერილი განცხადების ფოტო გავრცელდა. განცხადება თბილსში, ავტობუსის ერთ-ერთ გაჩერებაზე იყო გაკრული. მოხუცი თავის წერილში წერს, რომ ავტობუსში ჩანთა დარჩა, სადაც პირადობის მოწმობა, პენსიონერის პლასტიკური ბარათი და წამლების რეცეპტები ჰქონდა. ელენე მოქალაქეებს სთხოვს, თუკი მის ჩანთას იპოვიან, დაუკავშირდნენ. მოხუცი ქალბატონი მპოვნელს ჩანთის დაბრუნების სანაცვლოდ დასაჩუქრებას და ტაძარში მასზე ლოცვას ჰპირდება.
„კვირა“ დაინტერესდა, მოჰყვა თუ არა გამოხმაურება 82 წლის მოხუცი ქალბატონის თხოვნას. ელენე ბერაძეს განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე დავუკავშირდით. პორტალს ელენეს შვილი გელა კლაპაია ესაუბრა. მან მოხუცის წერილის გამოხმაურების შესახებ მოგვიყვა. როგორც აღმოჩნდა, განცხადების გავრცელების შემდეგ მათ რამდენიმე ადამიანი დაუკავშირდა და მხარდაჭერა გამოხატა. ნივთის მპოვნელი მოქალაქე არცერთი არ აღმოჩნდა, თუმცა ერთი ზარი იუსტიციის სამინისტროდან განხორციელდა. უწყების წარმომადგენელმა მოხუცისთვის პირადობის მოწმობის დამზადების სურვილი გამოთქვა და უთხრა, რომ იუსტიციის სამინისტრო ელენე ბერაძეს პირადობის მოწმობას უფასოდ დაუმზადებს.
ელენეს შვილი გელა კლაპაია კი იმედს გამოთქვამს, რომ მოხუცის ჩანთის და მასში არსებულ სხვა ნივთების მპოვნელი მომავალში გამოჩნდება. როგორც მან „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, მოხუცის ჩანთაში ცოტაოდენი ფული იყო, თუმცა მათ სხვა ნივთების დაბრუნება უფრო სურთ. „სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ ვიპოვეთ, ვერაფერს მივაგენით. დაგვიკავშირდნენ გულშემატკივრები. რამდენიმე ადამიანმა დარეკა. კიდევ იუსტიციის სახლიდან დაგვიკავშირდნენ. ვიღაც კაცს დაურეკავს, დაგეხმარებით პირადობის ახალი მოწმობის აღებაშიო. თურმე, იუსტიციის სახლში უფასოდ შეუძლიათ ამის გაკეთება“, – ამბობს გელა კლაპაია.
მან ასევე გვითხრა, რომ 82 წლის ელენე პროფესიით ფილოლოგია, სკოლაში ქართულ ენას და ლიტერატურას ასწავლიდა, ავტობუსის გაჩერებაზე გაკრული განცხადება კი თავისი ხელით დაუწერია. ელენე ბერაძე ახლა პენსიონერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები