თინა ხიდაშელი: პირველადი მონაცემებით, ქართველი სამხედროების მხრიდან ძალადობის ფაქტი არ დასტურდება

ჩემი უპირველესი ამოცანაა, ასეთი შემთხვევებით და განცხადებებით ჩრდილი არ მიადგეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებიდან ჩამოცილებულია ყველა, ვისი პირდაპირი ვალდებულებაც იყო 2014 წელს ფაქტების გამოძიება და სიმართლის გარკვევა. მათ შორისაა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, რომელიც მისიას ხელმძღვანელობდა.
„ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, დადასტურდა თუ არა ეს ფაქტი. ჩვენ ეს ინფორმაცია გასულ კვირას მივიღეთ. არაფერ მსგავსზე არცერთ დოკუმენტში საუბარი არ ყოფილა. ყველას გაქვთ უამრავი მადლობის დოკუმენტი ნანახი, რომელიც ქართველი კონტინგენტის ცენტრალურ აფრიკაში საქმიანობას შეეხებოდა. მე ამ ინფორმაციის მიღებისთანავე მივეცი დავალება სამხედრო პოლიციას გამოძიების დაწყების თაობაზე. ეს გამოძიება გასულ კვირას დაიწყო, მაშინვე ჩამოვაცილეთ თანამდებობას პირები, რომლებიც უშუალოდ კურირებდნენ ამ საკითხს 2014 წელს. მათ შორისაა გენერალური შტბის უფროსის მოადგილე, რომელიც მისიას ხელმძღვანელობდა. ჩამოცილება მოხდა იმ მიზნით, რომ ვინმემ გავლენა არ მოახდინოს გამოძიებაზე.
პირველადი მონაცემებით, არავითარი ძალადობა, სისხლის სამართლის დანაშაულთან ახლოს მყოფიც კი, არ ჩანს. არცერთი მტკიცებულება ან კონკრეტული დოკუმენტი არ მიგვიღია გაეროდან, არის მხოლოდ ის პრესრელიზი, რომელიც ვნახეთ.
ჩემი უპირველესი ამოცანაა, რომ ასეთი შემთხვევებით და განცხადებებით, ჩრდილი არ მიადგეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. მნიშვნელოვანია, რომ ის სახელი და პრესტიჟი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში აშენა ქართულმა ჯარმა, შენარჩუნდეს.
თუკი დადასტურდა, რომ ვინმემ ჩაიდინა რაიმე იმასთან ახლოს მყოფიც კი, რაზეც საუბარია გაეროს პრესრელიზში, კანონის უმკაცრესი მოთხოვნით დაისჯება. სწორედ იმისთვის, რომ ერთი ან ორი ადამიანის მოქმედება მთელ დანარჩენ შეიარაღებულ ძალებზე არ გავრცელდეს.
ამ წუთის მდგომარეობით, ყველა ადამიანი 160-დან, ვინც ცენტრალურ აფრიკაში იმყოფებოდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მათ ოჯახები, მეგობრები ჰყავთ, აქვთ საკუთარი სახელი და ძალიან წარმატებული სამხედროები არიან, არცერთი წამით არ მინდა იმის დაშვება, რომ ვინმე ოდესმე გაბედავს, მათ კოლექტიური ბრალი დასდოს. ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი დროულად გაირკვეს და დიდი ხანი არ დასჭირდება, ამ საკითხს წერტილი დაესვას“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, უწყებაში საკუთარ საქმიანობას 6 პირი ჩამოშორდა.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა მცირეწლოვანი გოგონების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობა განახორციელეს. კომისრის განცხადება კომისარიატის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული და როგორც მასშია ნათქვამი, გაეროს წარმომადგენლებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არაერთ გოგონასთან ჩაწერეს ინტერვიუ, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი უცხოელი ჯარისკაცების მხრიდან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლნი არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები