ევროკავშირში ინტეგრაციის კომისია ასოცირების შეთანხმების 2016 წლის სამოქმედო გეგმას დაამტკიცებს
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის განცხადებით, ევროინტეგრაციის კომისიის სხდომაზე ასოცირების შეთანხმების 2015 წლის შესრულებას შეაჯამებენ.
როგორც სხდომის დაწყების წინ ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 2016 წლის გეგმის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა როგორც სამოქალაქო სექტორმა, ასევე პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა მიიღო.
“ჩვენ გვაქვს ევროინტეგრაციის სხდომა, რომლის ფარგლებშიც, ერთი მხრივ, შევაჯამებთ ასოცირების შეთანხმების 2015 წლის შესრულებას და, რა თქმა უნდა, დავამტკიცებთ 2016 წლის სამოქმედო გეგმას, რომლის შემუშავებაში ძალიან აქტიური მონაწილეობა მიიღო როგორც სამოქალაქო სექტორმა, ასევე, პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა. კორდინაციას ვუწევთ და ვახდენთ იმ ძალების მობილიზებას, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ასეთივე წარმატებული იყოს 2016 წლის ასოცირება, როგორც 2015-ის“,- განაცხადა ბაქრაძემ.
მისვე თქმით, იგივე შეეხება ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას და მის სამოქმედო გეგმას.
“2016 წელს პირველი სხდომაა, ჩვენ დავამტკიცებთ კომუნიკაციის სტრატეგიის 2016 წლის სამოქმედო გეგმას. ეს არის ძალიან დიდი მოცულობითი დოკუმენტები, რომლის პრიორიტეტებზე, დეტალებზე, მას შემდეგ, რაც დამტკიცდება, ვისაუბრებთ თქვენთან”, – განაცხადა ბაქრაძემ.