გუგული მაღრაძე გიორგი კანდელაკს პასუხობს – ეს „ბომბა“ ჰქონდა შემონახული

„გიორგი კანდელაკი დაბადებული რომ არ იყო, ჯერ კიდევ მაშინ მქონდა საბჭოთა კავშირის მიმართ საკმაოდ უარყოფითი გამოთქმები და ეს ამ ბროშურაშია აღნიშნული“, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე კოლეგას უმცირესობიდან – გიორგი კანდელაკს, რომელმაც მე- 20 საუკუნის 80 -იან წლებში გუგული მაღრაძის ავტორობით გამოქვეყნებული ბროშურა გააკრიტიკა.
როგორც გუგული მაღრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს მთელი ისტორია არის ევროპისკენ სწრაფვა.
მაღრაძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრს საკუთარი ასაკი შეახსენა და აღნიშნა, რომ გიორგი კანდელაკმა მის წინააღმდეგ მორიგი საკონფლიქტო თემა „ააგორა“.
„ცოტა გამიკვირდა, რომ ამ კვირაში კანდელაკმა ცოტა ისეთი არაფერი გამოახტუნა, რომელიც საკონფლიქტო იქნებოდა. ეტყობა ეს თემა ჰქონდა შემონახული, როგორც, ასე ვთქვათ, „ბომბა“ .
გავახსენებ კანდელაკს, რომ მე არ ვარ 25 წლის ახალგაზრდა ადამიანი. მე ვცხოვრობდი იმ ეპოქაში, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა და, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ეპოქაში საკმაოდ ძნელი იყო გარკვეული შეხედებულების გატანა, ჯერ კიდევ სკოლის ასაკში სკოლის დირექტორი მეუბნებოდა, რაღაც ისეთს ნუ იტყვი, უხერხულობაში არ ჩაგვაყენოო, ანდა, მარტო ოთახში ილაპარაკე და ასე შემდეგ… საქართველოს მთელი ისტორია არის ევროპისკენ სვლის ისტორია“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
შეგახსენებთ, რომ “ქართული გაზეთის” მიერ გამოქვეყნდა ბროშურა, სათაურით: “ახალი ადამიანის აღზრდა და ჰარმონიული განვითარება”, რომლის ავტორიც არის გუგული მაღრაძე. ავტორი ე.წ. ახალი საბჭოთა ადამიანის გამოზრდასა და კაპიტალიზმის დამარცხებას წინასწარმეტყველებს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, გუგული მაღრაძის ბროშურა კომუნიზმის შესახებ “ქართული ოცნებისთვის” სიმბოლურია.
კანდელაკის თქმით, “ქართული გაზეთის” მიერ გამოქვეყნებულ ბროშურაში, სათაურით: “ახალი ადამიანის აღზრდა და ჰარმონიული განვითარება”, გუგული მაღრაძე ე.წ. ახალი საბჭოთა ადამიანის გამოზრდასა და კაპიტალიზმის დამარცხებას წინასწარმეტყველებს.
“როგორც მოგეხსენებათ, ქალბატონი გუგული “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი და სახეა. დღეს იგი თავს დებს ქართველი ხალხის ინტერესების და ადამიანის უფლებების დაცვაზე. რეალურად, ეს ბროშურა აჩვენებს, რომ საზოგადოებას ხელში შერჩა კიდევ ერთი კომუნისტი, რომელიც ემსახურებოდა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციას – რომელმაც ჩვენს ქვეყანას ათწლეულებით დაუხშო განვითარების შესაძლებლობა, წაართვა თავისუფლება და გაუნადგურა საუკეთესო შვილები – და მუშაობდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის წინააღმდეგ. ეს ტრაგიკომიკური პუბლიკაცია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ “ქართული ოცნება” ნაწილობრივ შედგება საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის ყოფილი მსახურებისგან, რომელთათვის მთავარი ამოცანა მაშინაც და დღესაც იყო კონფორმიზმი და კონიუნქტურას აყოლა. ასეთი ადამიანებისთვის ისეთი ცნებები, როგორიცაა „ეროვნული ინტერესები“, „ხალხის კეთილდღეობა“ და „სახელმწიფოებრიობა“ მხოლოდ ერთგვარი რიტუალია საკუთარი მერკანტილური მიზნების მისაღწევად.
სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მრავალი წევრი საკუთარ კომუნისტურ წარსულს მალავს. ხომ შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ ადამიანი, რომელიც 30-გვერდიან ბროშურაში 14-ჯერ ახსენებს ლენინს, იშველიებს ლენინის 5 ვრცელ ციტატას, 6-ჯერ ახსენებს “კომუნიზმს”, “სოციალისტურს” – 16-ჯერ, “კომუნისტურს” შეიძლება იყოს გულწრფელი, როცა ის თავს დებს ეროვნული და ევროპული ფასეულობების დაცვაზე. სიმბოლურია, რომ დღეს ეს ადამიანი იმ ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ინსტიტუტში დადის დიდი სიამოვნებით, რომლის კომუნიზმის მიერ დამარცხებასაც წინასწარმეტყველებდა”, – განაცხადა კანდელაკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები