მამუკა კაციტაძე: პრეზიდენტთან დღევანდელი შეხვედრის თემა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება
პრეზიდენტთან დღევანდელი შეხვედრის თემა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება, – ამის შესახებ “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტისა და ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
კაციტაძემ აღნიშნა, რომ პრემიერთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ხელისუფლებასთან მომავალი თანამშრომლობის კონტურები გამოიკვეთა.
“დღეს ვაგრძელებთ ამ შეხვედრებს და თემა ამჯერადაც არის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. გუშინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა პრემიერთან, სადაც ხელისუფლებასთან მომავალი თანამშრომლობის გარკვეული კონტურები გამოიკვეთა. აქედან გამომდინარე, გაჩნდა გარკვეული ზომიერი იმედები”, – განაცხადა კაციტაძემ.
მისივე თქმით, გუშინ ჯგუფმა საქართველოს პარლამენტს მიმართა და მოითხოვა, სხდომა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რადგან საერთო-საჯარო განხილვა დამთავრდა.
“რიგგარეშე სხდომის შემთხვევაში, პარლამენტი ან მთავრობა მიმართავს პრეზიდენტს, ამიტომ, ჩვენ ამ თემაზეც გვექნება საუბარი. საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე დაგეგმილია პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში, სადაც ალბათ ეს თემაც იქნება გარკვეულწილად მოქცეული. ჩვენი წარმომადგენლები ასევე არიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც უკვე გარესამყაროს ესაუბრებიან ამ თემებზე. ამიტომ არასაპარლამენტო ოპოზიციას გვინდა, რომ ხელისუფლების ყველა შტოს, სამოქალაქო სექტორს, ოპოზიციას და ა. შ. ვესაუბროთ ამ თემებზე, რათა აქტუალიზაცია ამ საკითხის არ მოიხსნას და შევეცადოთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არსებითი ცვლილებები განვახორციელოთ კანონმდებლობაში”,- განაცხადა კაციტაძემ.
“ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე თვლის, რომ დღევანდელი შეხვედრა პრეზიდენტთან წარმატებული იქნება. “საერთოდ, ყველა შეხვედრა წარმატებულია, სადაც სიმართლეა”, – განაცხადა კაციტაძემ.