აშშ ირანის კომპანიებს და კერძო პირებს სანქციებს უწესებს
აშშ, ირანის კომპანიებს და კერძო პირებს ბალისტიკური რაკეტების ტესტირების გამო, სანქციებს უწესებს. ირანმა საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა, რითაც 2015 წლის შემოდგომაზე მიღებული გაეროს უშიშროების საბჭოს ორი რეზოლუცია დაარღვია.
ახალი სანქციების მიხედვით, ირანის 11 კომპანიას და კერძო პირებს, რომლებიც დაკავშირებული არიან ირანის სარაკეტო პროგრამასთან, ამერიკული საბანკო სისტემით სარგებლობა ეკრძალებათ. ეს გადაწყვეტილება ირანისთვის საერთაშორისო სანქციების გაუქმების მეორე დღეს მიიღეს. შაბათს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ თეირანმა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ყველა პირობა შეასრულა. განცხადებას გამოეხმაურა ბარაკ ობამა. „დღეს ძალიან კარგი დღეა. ჩვენ – ყველანი ვხედავთ, რა შეუძლია საერთაშორისო დიპლომატიას“, – განაცხადა ობამამ.