ანი მიროტაძე: აბსოლუტურად ვეთანხმები პატრიარქს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე კათოლიკოს-პატრიარქის მიერ საშობაო ეპისტოლეში გამოთქმულ მოსაზრებებს აბსოლუტურად ეთანხმება.
ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ოჯახს ძალიან ბევრი რამ სჭირდება, ხშირ შემთხვევაში კი ამის ფინანსური შესაძლებლობა არა არსებობს.
„აბსოლუტურად ვეთანხმები პატრიარქს, თუმცა მასაც რომ არ ეთქვა, ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრს ვფიქრობთ და ვმუშაობთ. არ მინდა გავასწრო მოვლენებს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ 2015 წელს საქართველოში უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდება, ვიდრე ეს ბოლო წლებში იყო“, – განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა.
პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში ოჯახის სიმტკიცისა და ოჯახებში ძალადობის საკითხებზეა საუბარი. უწმინდესი აღნიშნავს, რომ შექმნილი მდგომარეობის ნაწილობრივი გამოსწორება სამუშაო ადგილების შექმნითა და ანაზღაურების გაზრდით შესაძლებელია.
“აგრესია განსაკუთრებით დიდია ახალგაზრდებში და მამაკაცების გარკვეულ ნაწილში; განსაკუთრებით მათში, რომელნიც უსაქმოდ და უფუნქციოდ დარჩნენ და ოჯახის მარჩენალისა და მასზე მზრუნველის ფუნქცია დაკარგეს. ეს ტვირთი დაემატა ქალს, რამაც მისი მდგომარეობა, კიდევ უფრო დაამძიმა და ცოლსა და ქმარს შორის ფუნქციური ბალანსი სრულად დაარღვია. ეს კი იწვევს ორივე მხარის დაძაბულობასა და გაღიზიანებას, რაც, სამწუხაროდ, ზოგჯერ ქალების სიცოცხლის ხელყოფით მთავრდება.
მდგომარეობის ნაწილობრივი გამოსწორება სამუშაო ადგილების შექმნასა და ანაზღაურების გაუმჯობესებას შეუძლია. თუ ეს განხორციელდა, დიდად შეეწყობა ხელი ოჯახში სხვა სახის ძალადობის აღმოფხვრასაც და ცხოვრების, ასე თუ ისე, ნორმალურ კალაპოტში ჩადგომას“,-აღნიშნულია საშობაო ეპისტოლეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები