კახა კალაძე: დღეს გლოვობს არა მარტო პარიზი, ამ ტრაგედიამ შესძრა მსოფლიო

ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პარიზში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს ეხმაურება. ამის შესახებ კალაძის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მისივე განმარტებით, ცალსახად დასაგმობია და უმკაცრესად დასასჯელი ნებისმიერი ტერორისტული აქტი.
“თანამედროვე სამყაროში, სადაც უზენაესია ადამიანის სიტყვის და აღმსარებლობის თავისუფლება, სადაც ნებისმიერ საკითხისადმი შეუზღუდავია გამოხატვის თავისუფლება – ცალსახად დასაგმობია და უმკაცრესად დასასჯელი ნებისმიერი ტერორისტული აქტი, იქნება ეს მიმართული სხვა შეხედულებების, სარწმუნოების თუ ეთნიკური წარმომავლობის ადამიანების მიმართ.
არცერთი რელიგია არ მოუწოდებს მკვლელობისკენ და ტერორისკენ. ყველა რელიგიის საფუძველია მშვიდობა და კაცთმოყვარეობა, ყველა რწმენაში მყოფი ადამიანი ღმერთისკენ სავალ თავის გზას ირჩევს და ყველა მორწმუნე ღმერთს თავის სახელს უწოდებს.
ტერორისტები, რომლებიც თავისი სარწმუნოების სახელით ხელყოფენ სხვის სიცოცხლეს, თავისივე სარწმუნოებას აყენებენ დარტყმას, მათ ყველა ემიჯნება, გმობს და ვერ უთანაგრძნობს ჩადენილ ბოროტებაში.
დღეს გლოვობს არა მარტო პარიზი, საფრანგეთი, არა მარტო საერთაშორისო ჟურნალისტური ერთობა.
ამ ტრაგედიამ შესძრა მსოფლიო და ჩვენც ვუერთდებით ამ საერთო აღშფოთებას და მწუხარებას”, – აღნიშნულია ენერგეტიკის მინისტრის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები