სამეგრელო – ზემო სვანეთში არსებულ ვითარებაზე საგანგებო სხდომა გაიმართა

სამეგრელო – ზემო სვანეთში არსებული ვითარების შესახებ გუბერნატორმა ლევან შონიამ საგანგებო შტაბის გაფართოებული სხდომა ჩაატარა. გუბერნატორმა დეტალურად მოისმინა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია.
რეგიონის მასშტაბით ყველა ცენტრალური, სოფლამდე მისასვლელი და შიდა გზები გაწმენდილია.
გუბერნატორის დავალებით დამატებითი სპეცტექნიკა დღეს ჩხოროწყუს და წალენჯიხის იმ მაღალმთიანი სოფლების შიდა გზებს გაწმენდს, სადაც აქამდე პრობლემა იყო.
როგორც ლევან შონიამ განაცხადა, თითოეულ დაზარალებულ ოჯახს ხელისუფლება დაეხმარება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავარიულ მდგომარეობაში არსებული სამივე სახლის ნაცვლად, გამგებლის, ედიშერ თოლორაიას განცხადებით, დაზარალებულ ოჯახებს გამგეობა ახალ სახლებს აუშენებს.
გუბერნატორმა გაწეული მუშაობისთვის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტების პირველ პირებს და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.
„მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებს, თითოეულ თანამშრომელს, რომელიც დღე და ღამე მუშაობდით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კოორდინირებულად და ერთგუნდად. მადლობა მერებს, გამგებლებს, რომლებიც, თავიანთ სამსახურებთან ერთად, ახდენდნენ დროულ რეაგირებას ყველა პრობლემაზე, მადლობა ჩემს მოადგილეებს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებს, რომლებიც აღდგენით სამუშაოებზე 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ჩვენ – ყველამ ერთად მუშაობით, შევძელით, დროულად მოგვეხდინა რეაგირება ყველა პრობლემაზე და ჩვენს მოქალაქეებს რაც შეიძლება ნაკლები დაბრკოლება შექმნოდათ დიდთოვლობისგან“, – განაცხადა ლევან შონიამ.
ასევე რეგიონში ელექტროენერგიის გარეშე, ბოლო მონაცემებით, დარჩენილია 1000-მდე აბონენტი, რომელთა 70 პროცენტს 17 საათამდე ელექტრომომარაგება აღუდგება, დანარჩენ აბონენტებს ელექტროენერგია დღის ბოლომდე ჩაერთვებათ.
აღდგენით სამუშაოებზე ინტენსიურად მუშაობენ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფები. გაზმომარაგებასთან დაკავშირებით რეგიონში პრობლემა არ არსებობს.
შეხვედრას რეგიონში ძალოვანი უწყების ხელმძღვანელები, გამგებლები, მერები და გუბერნატორის მოადგილეები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები